შინაგან საქმეთა სამინისტრო ფორმულას თანამშრომლებზე თავდასხმის შესახებ განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ მანქანის დაზიანებასთან დაკავშირებით გამოძიება დაწყებულია.
რაც შეეხება ფორმულას მეორე თანამშრომლის შესახებ ინფორმაციას, სადაც ტელეკომპანიის მძღოლს ფიზიკური დაზიანებები მიაყენეს, უწყების განცხადებით, ასეთი შეტყობინება არ მიუღიათ.
“შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტმა სოფელ გამარჯვებაში ერთ-ერთი მოქალაქის კუთვნილი ავტომობილის დაზიანების შესახებ შეტყობინების მიღებისთანავე დაიწყო საგამოძიებო ღონისძიებები. გამოიკითხა ავტომობილის მფლობელი, რომელმაც აღნიშნა, რომ არის ტელეკომპანია “ფორმულას” მძღოლი. მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით მიმდინარეობს.
რაც შეეხება მეორე ფაქტს, რომელზეც ტელეკომპანია “ფორმულა” საუბრობს, შინაგან საქმეთა სამინისტროში აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით შეტყობინება არ შემოსულა. ინფორმაციის მიღებისთანავე, უწყება შესაბამის სამართლებრივ რეაგირებას მოახდენს,” – აღნიშნულია განცხადებაში.
შეგახსენებთ, ტელეკომპანია ფორმულას ინფორმაციით, მათ თანამშრომლებს თავს დაესხნენ და ფიზიკურად იძალადეს. ერთ-ერთ მათგანს ფიზიკურად გაუსწორდნენ, მეორეს კი მანქანა დაუმტვრიეს.