ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

უხეში დარღვევა საეკლესიო კანონიკისა და ამბოხი ეკლესიის წინააღმდეგ – საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს

საქართველოს საპატრიარქოს ინფორმაციით, გუშინ, 8 აპრილს საპატრიარქოში გამართილ  შეხვედრაზე, მღვდელმთავრებმა ჭყონდიდელ მიტროპოლიტ სტეფანეს სრული მხარდაჭერა გამოუცხადეს  და მისი ყველა გადაწყვეტილება ლეგიტიმურად და კანონიერ ქმედებად შეაფასეს.

ამასთან, საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ცნობით, სასულიერო პირებმა ჭყონდიდის ეპარქიაში გარკვეული სასულიერო პირების დესტრუქციული ქმედებები, მათი მხრიდან მმართველი მიტროპოლიტის გადაწყვეტილებების უგულებელყოფა და დაუმორჩილებლობა, საეკლესიო კანონიკის უხეშ დარღვევად და ეკლესიისა და მისი ერთობის წინააღმდეგ ამბოხად შეაფასეს.

„გუშინ, 2021 წლის 8 აპრილს, საქართველოს საპატრიარქოში მღვდელმთავართა შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრას ესწრებოდნენ: საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი), ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტი დანიელი (დათუაშვილი), ამბა ალავერდელი მიტროპოლიტი დავითი (მახარაძე), ნეკრესის მიტროპოლიტი სერგი (ჩეკურიშვილი), ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე (ჭუაძე), ხონისა და სამტრედიის მიტროპოლიტი საბა (გიგიბერია), ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტი ანტონი (ბულუხია), ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე (შარაშენიძე), გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია (გვაზავა), ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი იოანე (გამრეკელი), ჭყონდიდელი მიტროპოლიტი სტეფანე (კალაიჯიშვილი), სტეფანწმინდისა და ხევის მთავარეპისკოპოსი იეგუდიელი (ტაბატაძე), ბოდბელი მთავარეპისკოპოსი იაკობი (იაკობიშვილი), თიანეთისა და ფშავ-ხევსურეთის ეპისკოპოსი მიქაელი (გაბრიჭიძე), მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი გიორგი (ჯამდელიანი).

მღვდელმთავრებმა, სხვა საკითხებთან ერთად, ჭყონდიდის ეპარქიაში მიმდინარე მოვლენებზე იმსჯელეს. მათი თქმით, შეხვედრა, ძირითადად, განხილვა-შეფასებითი ხასიათის იყო და მასზე ერთმანეთის მოსაზრებები შეაჯერეს.

პირველ რიგში, მღვდელმთავრებმა სრული მხარდაჭერა გამოუცხადეს ჭყონდიდელ მიტროპოლიტ სტეფანეს და მისი ყველა გადაწყვეტილება ლეგიტიმურად და აბსოლუტურად კანონიერ ქმედებად შეაფასეს.

ამასთან, მათ ასევე იმსჯელეს ჭყონდიდის ეპარქიაში გარკვეული სასულიერო პირების დესტრუქციული ქმედებების თაობაზე, მათი მხრიდან მმართველი მიტროპოლიტის გადაწყვეტილებების უგულებელყოფისა და დაუმორჩილებლობის შესახებ.

მღვდელმთავრებმა აღნიშნული ფაქტები ერთმნიშვნელოვნად შეაფასეს, როგორც უხეში დარღვევა საეკლესიო კანონიკისა და ამბოხი ეკლესიისა და მისი ერთობის წინააღმდეგ.

მათ მოუწოდეს იმ სასულიერო პირებს, ვინც მეუფე სტეფანესგან მიიღო სხვადასხვა ეპიტიმია, დაემორჩილონ და შეასრულონ მღვდელმთავრის მითითებსა და გადაწყვეტილებებს, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც მათ სააპელაციო წერილი აქვთ გაგზავნილი საპატრიარქოში. აღნიშნულ წერილს წმინდა სინოდი განიხილავს და სწორედ ამ აპელაციის შედეგს უნდა დაელოდონ სასულიერო პირები. მღვდელმთავართა თქმით, აპელაციის შედეგის დადგომამდე ისინი ვალდებული არიან, დაემორჩილონ მღვდელმთავრის გადაწყვეტილებებსა და კურთხევებს.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მღვდელმთავარათა შეკრების პარალელურად საპატრიარქოს შენობის მიმდებარედ პატრიარქისა და ეკლესიის მხარდამჭერები შეიკრიბნენ. ვრცელდებოდა სხვადასხვა ინფორმაცია, თითქოს მათი მობილიზება ეკლესიამ მოახდინა, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. საქართველოს საპატრიარქოს არ მოუწოდებია მოსახლეობისთვის რაიმე სახის მობილიზებისა და საპატრიარქოს გარშემო შეკრების შესახებ. ამ ადამიანებმა საკუთარი სურვილით გადაწყვიტეს, მოსულიყვნენ და მხარდაჭერა გამოეხატათ ეკლესიისადმი. თავის მხრივ კი, საქართველოს საპატრიარქომ მათ სთხოვა, მაქსიმალურად მშვიდობიანად წარემართათ თავიანთი შეკრება”, – ნათქვამია განცხადებაში.

იტვირთბა....