ახალი ამბები მთავარი

მელიას ადვოკატი: ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება მელიას გათავისუფლებაა

ნიკა მელიას ადვოკატი გიორგი კონდახაშვილი აცხადებს, რომ ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება, რაც დღეს სასამართლოზე იქნება, არის მელიას გათავისუფლება.

ადვოკატი აცხადებს, რომ არ არსებობს ნიკა მელიას მიმალვის არავითარი რისკი სასმართლო პროცესის დასრულებამდე.

“თუკი მოსამართლე დარჩება კანონის ფარგლებში და როდესაც იგი იმსჯელებს ამ საკითხზე, ერთადერთი შესაძლო გადაწყვეტილება არის ის, რომ გააუქმოს აღკვეთის ღონისძიება ან შეცვალოს ნაკლებად მკაცრი აღკვეთის ღონისძიებით. ორივე შემთხვევაში ეს გამოიწვევს ნიკა მელიას გათავისუფლებას საპატიმრო დაწესებულებიდან. ნიკა მელიას მიმართ უნდა გაუქმდეს ყოველგვარი სახის აღკვეთის ღონისძიება, იგი უნდა გათავისუფლდეს პოლიტიკური პატიმრობიდან და არავითარი რისკი იმისა, რომ შესაძლოა იგი მიიმალოს სასამართლო პროცესების დასრულებამე არ არსებობს”, – განაცხადა გიორგი კონდახაშვილმა.

შეგახსენებთ, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერი ნიკა მელია 23 თებერვალს, სპეციალური დანიშნულების რაზმმა „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში, საკუთარ კაბინეტში აიყვანა.

ოპოზიციური პარტიის ლიდერს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 17 თებერვალს შეეფარდა.

ნიკა მელიას სასამართლო პროცესი 8 აპრილსაა ჩანიშნული.

იტვირთბა....