ექსკლუზიური ინტერვიუ საქართველოს ყოფილ წარმომადგენელთან ევროკავშირში სალომე სამადაშვილთან
ჯერჯერობით უცნობია, როდის გამოაქვეყნებს ევროკომისია ანგარიშს სავიზო ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის შესრულების თაობაზე. ანგარიში 15 დეკემბერს უნდა გამოქვეყნებულიყო, თუმცა „გაურკვეველი“ მიზეზების გამო გადაიდო.
საქართველოს ხელისუფლება დარწმუნებულია, რომ „ტექნიკური“ მიზეზით გამოწვეული პრობლემა მალე აღმოიფხვრება და საქართველოს მოქალაქეები ევროკავშირის ქვეყნებში უვიზოდ მიმოსვლას მალე შეძლებენ.
ევროკომისიის დასკვნის გადადებაზე, თბილისში არსებულ განწყობებსა და უვიზო მიმოსვლის პერსპექტივებზე „მეტრონომს“ ევროკავშირში საქართველოს ყოფილი წარმომადგენელი სალომე სამადაშვილი ესაუბრა.
„მეტრონომი“: კონკრეტულად რა გახდა მიზეზი ევროკომისიის ანგარიშის გამოქვეყნების გადადების, ეთანხმებით გავრცელებულ მოსაზრებას, რომ დასკვნის გამოქვეყნების გადადება უკრაინას უკავშირდება?
სალომე სამადაშვილი: ვიცი ის, რაც ცნობილია. ანგარიშის გამოქვეყნება რამდენიმე დღით გადაიდო იმიტომ, რომ ევროკომისიას უნდოდა ერთ დღეს გამოქვეყნებულიყო ეს ანგარიშები უკრაინისთვის და საქართველოსთვის. ვფიქრობ, რომ თუ რაღაც საკითხები უკრაინასთან მიმართებით არის გადაუჭრელი, ევროკომისიას შესაძლოა მართლაც მიეღო ეს გადაწყვეტილება და დასკვნის გამოქვეყნება რამდენიმე დღით გადაედო. როგორც ამბობენ რამდენიმე დღით.
– თქვენი აზრით, დეკემბრის ბოლოს სავიზო ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმა ნამდვილად დადებითად იქნება შეფასებული?
– ასეთი დოკუმენტის მომზადება საკმაოდ გრძელვადიანი პროცესია და ბოლო წუთში რაიმე შეიცვალოს, ნაკლედ მოსალოდნელია. თუმცა, გარკვეულწილად, შემაშფოთებელია ის, რომ გადაიდო. მე იმედი მაქვს რომ კომისიის დასკვნა საშობაო არდადეგებამდე გამოქვეყნდება. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს ყველაფერი გადაიდება თვენახერით ან ორი თვით. ჩვენ როგორც ვიცით, იმ დღიდან როცა ეს ანგარიში დაიდება ჯერ კიდევ ნახევარი წელი მოგვიწევს ცდა, უშუალოდ უვიზო მიმოსვლის ამოქმედებისთვის. ჩემთვის უფრო შემაშფოთებელია, ის რომ ჩვენთვის არ არის მომგებიანი, როცა საქართველოს საკითხი ყველა ეტაპზე მიბმულია უკრაინაზე. ეს ასე არ უნდა იყოს, რადგან უკრაინას შეიძლება არაერთი პრობლემა წარმოეჭრას. იგივე მიგრაციის კუთხით, რადგან ქვეყნის ნაწილში საომარი მოქმედები მიმდინარეობს. მთავრობამ და დიპლომატიურმა მისიამ ბრიუსელში უნდა იმუშაოს იმაზე, რომ მოხდეს განცალკევება ჩვენი საკითხის უკრაინისგან. ჩემთვის უფრო დამაფიქრებელია შემდგომში როგორ წავა პროცესი. ეს ერთი შემთხვევა არის, რომ უკრაინის გამო ჩვენი საკითხი გადადიდო, თუ ეს ასე უნდა გაგრძელდეს. ეს პრობლემაა და ჩვენი საკითხი უკრაინისგან უნდა განცალკევდეს“.
– ეს პროცესები აღმოსავლეთ პარტნიორობის ეგიდით მიმდინარეობს, სადაც უკრაინაც მოიაზრება და განცალკევება როგორ წარმოგიდგენიათ?
– რა მნიშვნელობა აქვს. მოლდოვაც აღმოსავლეთ პარტნიორობის მონაწილე ქვეყანაა, მაგრამ მან უკვე დიდი ხნის მიიღო უვიზო მიმოსვლა უფლება. აღმოსავლეთ პარტნიორობის მონაწილე ქვეყანაა უკრაინა, რომელმაც გაცილებით ადრე დაიწყო ასოცირების შესახებ მოლაპარაკება და გაცილებით ადრეც დაასრულებდა, რომ არა ის ცნობილი მოვლენები რაც უკრაინაში განვითარდა. აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივაში აზერბაიჯანიც არის, მაგრამ მას ამგვარი ხელშეკრულების დადების არანაირი პერსპექტივა არ აქვს.
– ბავარიის შინაგან საქმეთა მინისტრმა გააკეთა განცხადება. მისი თქმით, საქართველოს უვიზო მიმოსვლის არ უნდა მიენიჭოს, რადგან დიდი ნაკადი მიგრანტები წამოვა საქართველოდან. რამდენად სერიოზულად უნდა აღვიქვათ ცალკეული პოლიტიკოსების ამგვარი განცხადებები, რეალურად ეს პროცესებზე გავლენას ახდენს?
– ჩვენი ბრძოლის ყველაზე რთული ეტაპი უვიზო მიმოსვლის მოსაპოვებლად პოლიტიკურ მხარდაჭერის მოპოვებაა. ტექნიკურ დონეზე ამ ვალდებულებების შესრულება, რომელიც ჩვენ გვავალებდა, იყო ძალიან ადვილად შესასრულებელი. ამას ჩვენმა სამთავრობო გუნდმა ბევრად მეტი დრო მოანდომა, ვიდრე მას რეალურად სჭირდებოდა. როგორც ჩანს, ძალიან ნელა მუშაობდნენ. წინ არის ყველაზე გადამწყვეტი ბრძოლა, პოლიტიკური გადაწყვეტილება უნდა იქნეს მიღებული. ამ ეტაპზე ევროპარლამენტმა და ევროკავშირის ყველა სახელმწიფოს ლიდერმა პოლიტიკურ დონეზე უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, რათა საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლა დაუშვან. ამ ეტაპზე, ევროკავშირში განწყობა კარგი არ არის, ნებისმიერი საკითხის მიმართ, რომელიც მიგრანტების რიცხვის შესაძლო გაზრდას შეეხება.
ნებისმიერი პოლიტიკოსის ასეთ განცხადებას ყურადღებით მოვეკიდებოდი, განსაკუთრებით ისეთი ქვეყანის წარმომადგენლის, როგორიც გერმანიაა. გერმანიის სიტყვა ევროკავშირში საბოლოო თუ არა, ერთ-ერთი ყველაზე წონიანია. ვიმედოვნებ, საგარეო საქმეებზე მომუშავე გუნდი გააქტიურდება და შეეცდება პოლიტიკური მხადრაჭერის მოპოვებას. მათ უნდა განმარტონ, ის რომ საქართველო მიგრაციის საფრთხის შემცველი ქვეყანა ევროპელებისთვის არ არის.
– როდესაც ვესაუბრებით საგარეო საქმეთა სამინისტროს თუ ევროინტეგრაციის სამინისტროს წარმომადგენლებს. მათი პოზიცია დაახლოებით ასეთია: ჩვენ გვევალებოდა სამოქმედო გეგმის შესრულება და პოლიტიკურ გადაწყვეტილება უკვე ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა უნდა მიიღონ. ამ საკითხში ჩვენ ვერ ჩავერევით. ეს მართლაც ასეა?
– სამწუხაროა, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს და ევროინტეგრაციის სამინისტროს, როგორც ჩანს არ ესმით საკუთარი ფუნქცია და დანიშნულება ამ ქვეყანაში. ყველა საკითხის მიღება და ძალიან უმნიშვნელო საკითხის გატანაც კი ევროკავშირში მოითხოვს ძალიან დიდ ძალისხმევასა და მუშაობას. პირველი იანვრიდან დაწყებული, როცა გათენდება, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა და განსაკუთრებით იუსტიციის მინისტრმა და შინაგან საქმეთა მინისტრებმა უნდა მოიარონ ყველა ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების დედაქალაქები და შეხვდენენ თავიანთ კოლეგებს. მათ ევროპელ კოლეგებს უნდა წარუდგინონ სტატისტიკა, როგორია კრიმინალის დონე და მიგრაციის სტატისტიკა, რადგან ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებისთვის მათი შინაგან საქმეთა და იუსტიციის სამინისტროების აზრი ყველაზე მნიშნველოვანია. ასე, რომ გასაკეთებელი ახლა იწყება“.
მარიამ ვარადაშვილი