შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ნაციონალური მოძრაობის წევრ გიორგი მღებრიშვილზე თავდასხმაში ბრალდებული დაკავებულია. ამის შესახებ ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
“შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის რუსთავის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1986 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ნ.ტ. ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით დააკავეს.
დანაშაული 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 4 აპრილს, ქალაქ რუსთავში თავის საცხოვრებელი ბინის კორპუსის ეზოში, ურთიერთშელაპარაკებისას, მეზობელს – 1978 წელს დაბადებულ გ.მ.-ს ქვედა კიდურის არეში ცივი იარაღის გამოყენებით ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი მამაკაცი გადაყვანილია კლინიკაში, სადაც შესაბამისი მკურნალობა უტარდება.
ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს”, – აღნიშნულია განცხადებაში.
არსებული ინფორმაციით, დაჭრა ურთიერთშელაპარაკას მოჰყვა. დამატებითი დეტალები ამ დროისთვის უცნობია.