aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

სახალხო დამცველი შსს-ს მოუწოდებს თავი შეიკავოს ვითარების ხელოვნური ესკალაციისგან

aviabiletebi
ავიაბილეთები

სახალხო დამცველი  ნამახვანჰესის წინააღმდეგ მიმდინარე პროტესტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუწოდებს თავი შეიკავოს სიტუაციის ხელოვნურად დაძაბვისგან.

სახალხო დამცველის აპარატი კონსტიტუციური უფლებების დარღვევაზეც საუბრობს და აცხადებს, რომ გამოხატვის თავისუფლება ყველა მოქალაქის უფლებაა და სახელმწიფომ ამას ხელი არუნდა შეუშალოს.

მეტრონომი უცვლელად გთავაზობთ სახალხო დამცველის განცხადებას.

“სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ ეხმიანება ნამახვანჰესის პროექტთან დაკავშირებით მიმდინარე მოვლენებს და მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს არ ჩაერიოს შეკრების მონაწილეთა კონსტიტუციური უფლების რეალიზებაში.

გუშინ, 3 აპრილს რიონის ხეობაში კომპანიის წარმომადგნელებმა, მობილიზებული საპოლიციო ძალების თანხლებით, განაახლეს ნამახვანი ჰესის მშენებლობის მოსამზადებელი სამუშაოები, რასაც მოსახლეობა აპროტესტებს. სახალხო დამცველის წარმომადგენელი მთელი დღის განმავლობაში ადგილზე იმყოფებოდა. პოლიციამ საპროტესტო ადგილამდე მისასვლელი გზა ორივე მხრიდან გადაკეტა, რის გამოც შეუძლებელი გახდა აქციას სხვა მხარდამჭერები შეერთებოდნენ. ამასთან, ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ხეობაში აღიმართა საკომუნიკაციო სიგნალების ჩამხშობი აპარატურა, რაც ხელს უშლიდა ინფორმაციის დროულად მიღებას ხეობაში მიმდინარე მოვლენების შესახებ. დააკავეს აქციის 2 მონაწილე, ხოლო ის პირები, რომლებმაც ვერ მოახერხეს აქციას შეერთებოდნენ, ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევის საფუძვლით 2000-2000 ლარით დააჯარიმეს.

ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ განსახილველ შემთხვევაში, გადაადგილების შეზღუდვით მოქალაქეებს პრაქტიკულად ჩამოერთვათ შეკრებაში მონაწილეობის შესაძლებლობა, თუმცა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს არ გაუვრცელებია დასაბუთებული ინფორმაცია იმ რეალური და მყისიერი საფრთხეების შესახებ, რომლის თავიდან ასაცილებლადაც ხდებოდა უფლებაში ჩარევა. ამას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს იმ პირობებში, როდესაც წინასწარ გაცხადებული იყო მშვიდობიანი შეკრების ჩატარების შესახებ და მისი მონაწილეები არ აჟღერებდნენ ძალადობრივ ზრახვებს. ასევე შეკრების თავისუფლებაში ჩარევად უნდა შეფასდეს ამ პირების დაჯარიმება, რომელთა შეკრების და ადგილზე დარჩენის მიზანს აქციასთან შეერთება წარმოადგენდა და მათგან დამოუკიდებელი მიზეზებით ვერ მოახერხეს სასურველ ტერიტორიაზე შესვლა. აღნიშნული ქმნის ეჭვებს პანდემიის გავრცელების აღკვეთის მიზნით დაწესებული შეზღუდვის მოქალაქეთა პროტესტის საწინააღმდეგოდ გამოყენების შესახებ, რაც მიუღებელ პრაქტიკას წარმოადგენს.

ასევე, სიგნალის ჩამხშობი აპარატის გამოყენება გახდა გამოხატვისა და ინფორმაციის გავრცელების ხელშემშლელი ფაქტორი და ამ გზით მოხდა ხენებულ კონტიტუციურ უფლებებში ჩარევა.

დღეს გავრცელებული ინფორმაციით, გზა კვლავ გადაკეტილია, ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და დგას წყლის ჭავლის მანქანა. სახალხო დამცველის წარმომადგენელი დღესაც დააკვირდება დაანონსებული აქციის მიმდინარეობას. აპარატი აგრძელებს საკითხის შესწავლას.

სახალხო დამცველი მოუწოდებს:

შინაგან საქმეთა სამინისტროს, თავი შეიკავოს ვითარების ხელოვნური ესკალაციისგან, უზრუნველყოს გადაადგილების აღდგენა სოფელ ნამახვანის მიმართულებით, არ გამოიყენოს სიგნალის ჩამხშობი აპარატურა ან სხვა საშუალებები, რაც ხელს შეუშლის მოსახლეობის ინფორმირებას მიმდინარე მოვლენების თაობაზე, დაპირისპირების რისკების თავიდან აცილების მიზნით, მოლაპარაკებები აწარმოოს აქციების მონაწილეებთან და არ გამოიყენოს ძალა მათ წინააღმდეგ.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს ნამახვანჰესის პროექტთან დაკავშირებით, კონსესუსის მიღწევამდე წარმართონ საჯარო, საქმიანი და შედეგზე ორიენტირებული დიალოგი, მათ შორის, მედიასაშუალებებში, ადგილობრივ მცხოვრებლებთან, პროფესიულ ჯგუფებთან და ექსპერტებთან.

საქართველოს მთავრობას, კონსესუსის მიღწევამდე უზრუნველყოს მიმდინარე სამშენებლო/მოსამზადებელი სამუშაოების შეჩერება.” – ნათქვამია სახალხო დამცველის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სოფელ გუმათში, ნამოხვანისკენ მისასვლელი გზა, სადაც ჰესის მშენებლობა იგეგმება, მეორე დღეა ბლოკირებულია პოლიციის მიერ. გავრცელებული ინფორმაციით, ხეობაში შეყვანილია სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანა.

თითქმის ნახევარი წელია  ადგილობრივი მოსახლეობა ნამახვანჰესის აშენების წინააღმდეგ აქციებს მართავს. აქტივისტები ითხოვენ შეჩერდეს მშენებლობა და მშენებელმა კომპანია დატოვოს ხეობა.

 

იტვირთბა....