“ეს კრიზისი დიდი ხანი ვერ გაძლებს, წარმოუდგენელია”, – ამის შესახებ ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ “ქრონიკის” ეთერში განაცხადა.
მისივე თქმით, თუკი არსებული პოლიტიკური კრიზისი ხანგრძლივად გაგრძელდება, ოპოზიციას რეიტინგი დააკლდება. როგორც მდინარაძემ აღნიშნა, კრიზისის გაღრმავების შემთხვევაში, მოსახლეობა პასუხისმგებლობას ოპოზიციას დააკისრებს და შემდეგ არჩევნებზე მათ მხარს აღარ დაუჭერს.
“თუ ეს ხელოვნური [პოლიტიკური] კრიზისი რეალურ, ეკონომიკურ კრიზისს და პანდემიიდან გამოწვეულს კიდევ უფრო აძლიერებს, აქ უკვე მათ [ოპოზიციას] ბევრი შანსი აღარ აქვთ იმიტომ, რომ არჩევნები მოდის, მოსახლეობაში მათი რეიტინგი ჩამოვარდება 0-მდე. ბოლოს მიხვდებიან ამას და გადადგამენ სწორ ნაბიჯებს”, – თქვა მდინარაძემ.
შეგახსენებთ, 30 მარტს ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის მედიაციით მმართველ გუნდსა და ოპოზიციურ პარტიებს შორის შემდგარი მოლაპარაკებები კვლავ უშედეგოდ დასრულდა. მოლაპარაკების მაგიდასთან დანიელსონმა პოლიტიკურ პარტიებს დოკუმენტი შესთავაზა, თუმცა ხელი არცერთმა პარტიამ მოაწერა. როგორც შეხვედრის შემდეგ დანიელსონმა განაცხადა, პოლიტიკური პარტიების მიერ არ ყოფილა მზაობა, რომ შეთანხმება მომხდარიყო.
კრისტიან დანიელსონი საქართველოში მხარეებს შორის მედიაციის გასაგრძელებლად 28 მარტს დაბრუნდა.
კრისტიან დანიელსონი საქართველოში მედიაციის მიზნით პირველად 12 მარტს ჩამოვიდა. მისი ვიზიტი 14 მარტს უნდა დამთავრებულიყო, თუმცა წარუმატებელი მოლაპარაკების გამო ვიზიტი გაახანგრძლივა და ქვეყანა 19 მარტს დატოვა.