ახალი ამბები მთავარი სამართალი

შსს ნამახვანზე: უსაფრთხოების მიზნით გადაადგილება დროებით იზღუდება

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, რიონის ხეობაში, მოქალაქეთა გადაადგილება გარკვეულ მიმართულებებზე დროებით შეზღუდულია. უწყების ცნობით, სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლები უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვის მიზნით, ნამახვან ჰესის წინამოსამზადებელი სამუშაო პროცესის განახლებასთან დაკავშირებით, რიონის ხეობაში დილიდან არიან მობილიზებულები.

„შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მოქალაქეებს, არ გასცდნენ გამოხატვის თავისუფლების კანონით დასაშვებ ფარგლებს, დაემორჩილონ პოლიციის მოთხოვნებს.

უსაფრთხოების მიზნით რიონის ხეობაში, მოქალაქეთა გადაადგილება გარკვეულ მიმართულებებზე დროებით იზღუდება პოლიციის შესახებ საქართველოს კანონის 25-ე და 26-ე მუხლების შესაბამისად.

გარდა ამისა, ადგილზე მობილიზებულია საპოლიციო ინფრასტრუქტურა, მათ შორის, სპეციალური სატრანსპორტო საშუალება, რომელიც რადიო კავშირის გამართულ მუშაობას უზრუნველყოფს”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ცნობისათვის, რიონის ხეობაში ნამახვან ჰესის მშენებლობის მოსამზადებელი სამუშაოები დღეს განახლდა. ადგილზე სამოქალაქო აქტივისტები დილიდან არიან შეკრებილები და ჰესის მშენებლობას აპროტესტებენ. პოლიციამ ნამახვანისკენ მიმავალი გზა ორივე მხრიდან ჩაკეტა და ადგილობრივებს ტერიტორიაზე არ უშვებს.  რიონის ხეობაში აქტივისტებსა და სამართალდამცველებს შორის მცირედი დაპირისპირებაც იყო. დაპირისპირების დროს დააკავეს 2 აქტივისტი.

იტვირთბა....