რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს წევრი სერგეი გავრილოვი თბილისში პოზნერის გარშემო მომხდარ ამბავს ეხმაურება და ამბობს, რომ ეს სპეციალურად დაგეგმილი პროვოკაციაა. მის ინტერვიუს რუსული გამოცემა Tass.ru ავრცელებს.
გავრილოვი აცხადებს, რომ რადიკალური ოპოზიციის ქმედებები საქართველოს იმიჯს აზიანებს და ტურისტებისთვის ქვეყანა საშიში ხდება.
“ეს სერიოზული პოლიტიკური დემარშია და ამისათვის ბატონი პოზნერი ტყუილად არ აურჩევიათ. ის ძალიან ცნობილი და პოპულარული ადამიანია რუსულ ინტელიგენციაში. ეს პროვოკაციაა, რომელიც ურტყამს საქართველოს იმიჯს, როგორც სტუმართმოყვარე ქვეყნისას. ეს არის რადიკალური ოპოზიციის მცდელობა, აჩვენოს ყველა ტურისტს, რომ საქართველოში ჩასვლა არ შეიძლება.” – აცხადებს გავრილოვი
რუსმა დეპუტატმა, 2019 წელს საქართველოში მისი ჩამოსვლა და მაშინდელი მოვლენებიც გაიხსენა. მისი თქმით, იმ დროს ოპოზიციამ სახელმწიფო გადატრიალება სცადა და მისი ვიზიტი უბრალოდ მიზეზად გამოიყენა.
შეგახსენებთ, რუსი პროპაგანდისტი, ვლადიმირ პოზნერი დაბადების დღის აღსანიშნავად თბილისში შოუ ბიზნესისა და მედიის წარმომადგენლებთან ერთად, გუშინ, 31 მარტს ჩამოვიდა.
საქართველოში ჩამოსულმა პოზნერმა მთავრობის მიერ დაწესებული რეგულაციების გვერდით ავლით, მეგობრებთან ერთად, სადილი გამართა სასტუმრო “ვინოტელში”. სასტუმროსთან სამოქალაქო აქტივისტებმა აქცია გამართეს. მოგვიანებით, წვეულებაზე მყოფმა პირებმა პოლიციის კორდონის საშალებით დატოვეს სასტუმრო და სასტუმრო “რუმსში” წავიდნენ.
სამოქალაქო პროტესტი მთელი ღამის განმვლობაში “რუმსის” მიმდებარე ტერიტორიაზე გრძელდებოდა.
პოზნერმა და მისმა თანმხლებმა პირებმა თბილისი ჩარტერული რეისით, დღეს, გამთენიისას დატოვეს.
პოზნერი “რია ნოვოსტთან” მიცემულ ინტერვიუში აცხადებს, რომ არც ის და არც მისი თანმხლები პირები გასულ ღამეს თბილისში არავის დაუჯარიმებია. თუმცა შსს-მ განცხადება და ქვითრის ფოტო გაავრცელა, სადაც პოზნერის დაჯარიმების ქვითარია გამოსახული.