საქართველოს პროკურატურა განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ გარდაცვლილი მეგი ბაქრაძის ოჯახს საქმის მასალებზე სრული წვდომა ექნება.
განცხადებაშია აღნიშნულია, რომ პროკურორმა გააუქმა დადგენილება, რომლის მიხედვითაც გარდაცვლილი ექთნის ოჯახს მასალების გაცნობის უფლება არ ჰქონდა.
“გარდაცვლილი მეგი ბაქრაძის ოჯახს საქმის მასალებზე სრული წვდომა ექნება.
საქართველოს პროკურატურამ გააუქმა დადგენილება, რომლის მიხედვითაც დაზარალებულის უფლებამონაცვლეს საქმის მასალების გაცნობა და ასლების გადაცემა შეეზღუდა.
ზემდგომმა პროკურორმა გააუქმა დადგენილება, რომლის მიხედვითაც გარდაცვლილი მეგი ბაქრაძის ოჯახს დამატებითი მასალების გაცნობა შეეზღუდა, მათი შესაძლო გასაჯაროების, მოწმეებზე ზემოქმედების, მათი დაშინების, ნივთმტკიცებების განადგურების, ყალბი მტკიცებულებების შექმნის და შესაბამისად, საგამოძიებო პროცესის ხელშეშლის გამოწვევის მიზნით.
გარდაცვლილის ოჯახი გამოძიების ნებისმიერ ეტაპზე შეუფერხებლად გაეცნობა საქმის მასალებს. აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება გრძელდება.” – ნათქვამია პროკურატორის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
შეგახსენებთ, 18 მარტს, ახალციხეში, კლინიკა “იმედში” კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთების შემდეგ, დაახლოებით ნახევარ საათში, ექთანი კომატოზურ მდგომარეობაში ჩავარდა. პაციენტი მისი მდგომარეობის სიმძიმიდან გამომდინარე ახალციხიდან თბილისის საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს. თუმცა, მისი გადარჩენა ვერ მოხდა და ის 19 მარტს გარდაიცვალა.