ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ვაშაძე: საქართველოს პრეზიდენტი დესტრუქციულ როლს თამაშობს მოლაპარაკებებში

“სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერის გიორგი ვაშაძის თქმით, მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის შეთანხმების ჩავარდნის პასუხისმგებლობა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს ეკისრება. ამის შესახებ ინფორმაციას “ფორმულა” ავრცელებს.

ვაშაძის თქმით, პრეზიდენტი თავად არის წინააღმდეგი, რომ გიორგი რურუას შეწყალებას ხელი მოაწეროს.

“მე ვფიქრობ, რომ ძალიან დიდი პირადი პასუხისმგებლობა, დესტრუქციული, არის საქართველოს პრეზიდენტის, ქალბატონი სალომე ზურაბიშვილის. არაერთი ინდივიდუალური საუბრის დროს, როგორც გამოვკვეთე, ყოველ შემთხვევაში, მედიატორების მხრიდან ასე გავარკვიე, რომ თურმე ის პერსონალურად წინააღმდეგია, რომ შეწყალების მექანიზმი გამოიყენოს რურუასთან მიმართებაში”, – განაცხადა ვაშაძემ.

გიორგი ვაშაძე პრეზიდენტის მისამართით სვამს კითხვას, თუ რატომ არ მიიღო ისეთი გადაწყვეტილება, რაც სიტუაციის განმუხვტას შეუწყობდა ხელს. მისი თქმით,ის უნდა გამოვიდეს და საჯაროდ ახსნას ის პოზიცია, რაც მან დაიკავა მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებში.

“ამ ადამიანს პირველად მიეცა შანსი, რომ პოლიტიკური დეესკალაციისთვის ნაბიჯი გადადგას, შეიძლება უკანასკნელადაც მიეცა ასეთი შანსი იმ პოზიციაში სადაც არის და ასეთ ნეგატიურ, დესტრუქციულ როლს თამაშობს, ‘პრინციპულობას იჩენს’. ეს არის ძალიან ცუდი. მგონი უნდა გამოვიდეს და ახსნას საკუთარი პოზიცია, რატომ ამბობს ამაზე უარს, რატომ არ დგამს ნაბიჯს”, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

შეგახსენებთ, 30 მარტს ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის მედიაციით მმართველ გუნდსა და ოპოზიციურ პარტიებს შორის შემდგარი მოლაპარაკებები კვლავ უშედეგოდ დასრულდა. მოლაპარაკების მაგიდასთან დანიელსონმა პოლიტიკურ პარტიებს დოკუმენტი შესთავაზა, თუმცა ხელი არცერთმა პარტიამ მოაწერა. როგორც შეხვედრის შემდეგ დანიელსონმა განაცხადა, პოლიტიკური პარტიების მიერ არ ყოფილა მზაობა, რომ შეთანხმება მომხდარიყო.

კრისტიან დანიელსონი საქართველოში მხარეებს შორის მედიაციის გასაგრძელებლად 28 მარტს დაბრუნდა.

კრისტიან დანიელსონი საქართველოში მედიაციის მიზნით პირველად 12 მარტს ჩამოვიდა. მისი ვიზიტი 14 მარტს უნდა დამთავრებულიყო, თუმცა წარუმატებელი მოლაპარაკების გამო ვიზიტი გაახანგრძლივა და ქვეყანა 19 მარტს დატოვა.

იტვირთბა....