ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ბრიტანეთის საელჩო: “ეს გააჭიანურებს საქართველოს პროგრესს და ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესს”

დიდი ბრიტანეთის საელჩო საქართველოში “ქართულ ოცნებასა” და ოპოზიციას შორის შეთანხმების ჩაშლის საკითხს ეხმაურება და სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს:

“ძალიან ვწუხვართ, რომ ევროკავშირის მედიაციით გამართულ მოლაპარაკებებზე საქართველოს მთავრობას და ოპოზიციას შორის შეთანხმება ვერ შედგა. ეს არის ხელიდან გაშვებული შესაძლებლობა და გააჭიანურებს საქართველოს პროგრესს და ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესს. მნიშვნელოვანია მეტი პროგრესი სასამართლო და საარჩევნო რეფორმების კუთხით და მოვუწოდებთ ყველა მხარეს გააგრძელონ მოლაპარაკებები მანამ სანამ არ შედგება შეთანხმება ყველა საკითხზე”, – ვკითხულობთ განცხადებაში.

შეგახსენებთ, 30 მარტს ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის მედიაციით მმართველ გუნდსა და ოპოზიციურ პარტიებს შორის შემდგარი მოლაპარაკებები კვლავ უშედეგოდ დასრულდა. მოლაპარაკების მაგიდასთან დანიელსონმა პოლიტიკურ პარტიებს დოკუმენტი შესთავაზა, თუმცა ხელი არცერთმა პარტიამ მოაწერა. როგორც შეხვედრის შემდეგ დანიელსონმა განაცხადა, პოლიტიკური პარტიების მიერ არ ყოფილა მზაობა, რომ შეთანხმება მომხდარიყო.

კრისტიან დანიელსონი საქართველოში მხარეებს შორის მედიაციის გასაგრძელებლად 28 მარტს დაბრუნდა.

კრისტიან დანიელსონი საქართველოში მედიაციის მიზნით პირველად 12 მარტს ჩამოვიდა. მისი ვიზიტი 14 მარტს უნდა დამთავრებულიყო, თუმცა წარუმატებელი მოლაპარაკების გამო ვიზიტი გაახანგრძლივა და ქვეყანა 19 მარტს დატოვა.

იტვირთბა....