“5 პუნქტი არსებობდა შეთანხმების სამოქმედო რუკაში. აქედან, 3 საკითხთან დაკავშირებით ოპოზიციის ყველა წარმომადგენელი დათანხმდა შეთავაზებას და არსებობდა 2 საკითხი, პოლიტპატიმრების და არჩევნების თემაზე, რომელზეც ჩვენ შევთავაზეთ არაერთი წინადადება შესაძლო კომპრომისული ვარიანტის”, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა სალომე სამადაშვილმა ხელისუფლებასა და ოპოზიციის უშედეგოდ დასრულებული დიალოგის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
“მაგალითად, შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენი ერთ-ერთი წინადადება შეეხება იმას, რომ თუ ჩვენ შევთანხმდებოდით ახალ კონსტიტუციურ მოდელზე, მაგალითად პლებისციტზე დასმულიყო კითხვა ახალი კონსტიტუციის მიღების და ამის საფუძველზე ვადამდელი არჩევნების ჩატარების. ეს იყო ხედვა, რომელიც იყო მიმართული მომავლისკენ. რაც შეეხება პოლიტპატიმრების თემას, აქაც ჩვენ შევთავაზეთ არაერთი შეთავაზება, რომელიც მათ მისცემდა კომფორტს,” – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში ავრცელებს დოკუმენტს, რომელიც კრისტიან დენიელსონმა პოლიტიკურ პარტიებს შესთავაზა.
კრისტიან დანიელსონი საქართველოში მხარეებს შორის მედიაციის გასაგრძელებლად 28 მარტს დაბრუნდა.
კრისტიან დანიელსონი საქართველოში მედიაციის მიზნით პირველად 12 მარტს ჩამოვიდა. მისი ვიზიტი 14 მარტს უნდა დამთავრებულიყო, თუმცა წარუმატებელი მოლაპარაკების გამო ვიზიტი გაახანგრძლივა, თუმცა მისი შუამავლობით გამართული შეხვედრები მხარეებს შორის შეთანხმებით არ დასრულებულა. დანიელსონმა ქვეყანა 19 მარტს დატოვა.