ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: “მელიას დაპატიმრება მოჰყვა მის ნაბიჯებს, მან საკუთარი თავი თვითონ დაიპატიმრა”

“მელიას დაპატიმრება მოჰყვა მის ნაბიჯებს, მან საკუთარი თავი თვითონ დაიპატიმრა,” – აღნიშნული განცხადება ირაკლი კობახიძემ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

კობახიძემ მედიასთან საუბრისას ასევე დასძინა, რომ “საუბარი, რომ ვიღაცამ ნიკა მელია დააპატიმრა და შემდეგ ამით ვაჭრობა დაიწყო, არის წმინდა წყლის სპეკულაცია“.

“ნიკანორ მელიასთან დაკავშირებით საქმე აღძრულია კონკრეტულ მძიმე დანაშაულზე, ეს იყო პარლამენტში შეჭრის მცდელობა, რასაც მოჰყვა ძალიან მძიმე შედეგები და ამისათვის გათვალისწინებულია კონკრეტული სასჯელი. ნიკანორ მელიას ევალებოდა ერთადერთი რამ, ელექტრონული სამაჯურის ტარება, თუმცა მან გასული წლის ნოემბერში, გადააგდო ეს სამაჯური. ეს იყო შეურაცხყოფის მიყენება სახელმწიფოსთვის.

ამის მიუხედავად პროკურატურამ გადადგა მაქსიმალურად რბილი ნაბიჯი, მოითხოვა გირაოს გადახდა. მიუხედავად ასეთი შეურაცხყოფისა, ეს იყო მაქსიმალურად რბილი ზომა. გავიდა გირაოს გადახდის 35 დღიანი ვადა, კიდევ ორი კვირა აცადეს ნიკანორ მელიას, შემდეგ მისცეს ერთ კვირიანი ვადა და ამ ვადის ამოწურვის შემდეგაც, რჩებოდა ნიკა მელიას იმის საშუალება, რომ გადაეხადა გირაო.

ნიკა მელიამ ამაზე თქვა უარი, უფრო მეტიც, გამოვიდა მძიმედ შეურაცხმყოფელი განცხადებით და ერთადერთი შანსი დაუტოვა სახელმწიფოს, რომ ემოქმედა კანონის შესაბამისად. მელიას დაპატიმრება მოჰყვა მის ნაბიჯებს, მან საკუთარი თავი თვითონ დაიპატიმრა. საუბარი, რომ ვიღაცამ ნიკა მელია დააპატიმრა და შემდეგ ამით ვაჭრობა დაიწყო, არის წმინდა წყლის სპეკულაცია“, – განაცხადა კობახიძემ.

ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში ავრცელებს დოკუმენტს, რომელიც კრისტიან დენიელსონმა პოლიტიკურ პარტიებს შესთავაზა.

კრისტიან დანიელსონი საქართველოში მხარეებს შორის მედიაციის გასაგრძელებლად 28 მარტს დაბრუნდა.

კრისტიან დანიელსონი საქართველოში მედიაციის მიზნით პირველად 12 მარტს ჩამოვიდა. მისი ვიზიტი 14 მარტს უნდა დამთავრებულიყო, თუმცა წარუმატებელი მოლაპარაკების გამო ვიზიტი გაახანგრძლივა, თუმცა მისი შუამავლობით გამართული შეხვედრები მხარეებს შორის შეთანხმებით არ დასრულებულა. დანიელსონმა ქვეყანა 19 მარტს დატოვა

იტვირთბა....