ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ობამამ ღარიბაშვილი ვაშინგტონში მიიწვია

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილი ბირთვული უსაფრთხოების სამიტზე მიიწვია. სამიტი ვაშინგტონში 2016 წელს, 31 მარტიდან 1-ელ აპრილამდე გაიმართება.

აშშ-ის პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ ღონისძიების ფარგლებში უმასპინძლებს თავისუფალ და ღია დიალოგს იმ ზომების შესახებ, რომელთა მიღება შესაძლებელია გლობალური ბირთვული უსაფრთხოების განსამტკიცებლად.

„ვიმედოვნებ, შემომიერთდებით მუშაობაში ამ მნიშვნელოვანი მიზნის მისაღწევად. გარდა ამისა, მე განვიხილავ ბირთვულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებით დამატებითი ვალდებულებების საკითხს, რომლებსაც ამერიკის შეერთებული შტატები 2016 წლის სამიტზე განაცხადებს. საქართველომ ცხადჰყო გლობალური ბირთვული უსაფრთხოების მტკიცე მხარდაჭერა, რაც გამოჩნდა კიდეც ბირთვული მასალების ფიზიკური დაცვის კონვენციის შესწორებული ვარიანტისა და ბირთვული ტერორისტული აქტების აღმოფხვრის საერთაშორისო კონვენციის რატიფიცირებით და ბირთვულ ტერორიზმთან ბრძოლის გლობალური ინიციატივის წევრობით. სამოქმედო გეგმაში, რომელსაც ჩვენ დავამტკიცებთ სამიტზე, ასახულია კონკრეტული ზომები, რომლებსაც ჩვენ, როგორც შესაბამისი ინსტიტუტებისა და ინიციატივების წევრები, მივიღებთ, რათა კიდევ უფრო განვამტკიცოთ ბირთვული უსაფრთხოების სტრუქტურა. მივესალმები თქვენ მოსაზრებებს იმ გზების შესახებ, რომლებიც დაგვეხმარება 2016 წელსა და მის შემდგომ სამოქმედო გეგმის წარმატებით შესრულებაში. ბირთვულ კონტრაბანდასთან ბრძოლა დღესაც მნიშვნელოვანი საკითხია ბირთვული უსაფრთხოების სამიტის ფარგლებში. გამოვთქვამ იმედს, საქართველო მომავალშიც განსაკუთრებულ ძალისხმევას გამოიჩენს, რათა წინ აღუდგეს მარეგულირებელი კონტროლის მიღმა ბირთვული და რადიოლოგიური მასალების არსებობას და პარტნიორ ქვეყნებს გაუზიარებს თავის მდიდარ გამოცდილებას ამ სფეროში. ისევე, როგორც მისი წინამორბედები, 2016 წლის ბირთვული უსაფრთხოების სამიტი მნიშვნელოვანი იქნება მსოფლიოს მასშტაბით ბირთვული ტერორიზმისგან თავდაცვის განმტკიცების მხრივ. იმედის თვალით შევყურებ თქვენს ვიზიტს ვაშინგტონში მომავალი წლის გაზაფხულზე, რათა ერთად აღვნიშნოთ მიღწეული პროგრესი და დავსახოთ უსაფრთხო და მშვიდობიანი მსოფლიოს უზრუნველყოფის გზები”, – ნათქვამია ბარაკ ობამას მიწვევის წერილში, რომელიც ირაკლი ღარიბაშვილმა მიიღო.

აშშ-ის პრეზიდენტი ასევე აღნიშნავს, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ახლახან მიიღო ბირთვული მასალების ფიზიკური დაცვის კონვენციის შესწორებული ვარიანტი და ბირთვული ტერორისტული აქტების აღმოფხვრის საერთაშორისო კონვენცია, რომლებიც ძალაში წლის ბოლომდე შევა.

„რადგან ეს იქნება ამ ფორმატის ბოლო სამიტი, ჩვენ გვეძლევა განსაკუთრებული შესაძლებლობა, გავაძლიეროთ მნიშვნელოვანი საერთაშორისო ინსტიტუტები და ინიციატივები, რომლებიც შეადგენენ ბირთვული უსაფრთხოების ქვაკუთხედს. ჩვენი, როგორც ლიდერების, ვალდებულებაა სამიტის მიერ უზრუნველყოფილი მუხტის შენარჩუნება, რათა მზარდი საფრთხეების ფონზე განვაგრძოთ მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმა განსაკუთრებული ბირთვული მასალების უსაფრთხოების გაუმჯობესებისა და ბირთვული მასალების კონტრაბანდის პრევენციისკენ. ჩვენ პასუხისმგებელნი ვართ ჩვენი ხალხისა და მთელი მსოფლიოს წინაშე, არ მოვადუნოთ ყურადღება და შევამციროთ საფრთხეები, სანამ ისინი არსებობენ”, – ნათქვამია ბარაკ ობამას მიწვევის წერილში.

 

იტვირთბა....