ახალი ამბები მთავარი

ვაქცინაციის სათადარიგო სიის მოთხოვნით პეტიცია შეიქმნა

ვაქცინაციის სათადარიგო სიის მოთხოვნით მოქალაქე ანა გოგოსაშვილმა პეტიცია შექმნა. მას ხელს სამასამდე ადამიანი აწერს.

პეტიციაში წერია, რომ შეიქმნას სათადარიგო სია აცრის მსურველების, რომლებიც გამოუყენებლად დარჩენილი ვაქცინებით აიცრებიან. პეტიციის ხელმომწერთა აზრით, ეს მნიშვნელოვან რესურს დაზოგავს და ამასთან გაიზრდება ვაქცინაციის ტემპიც.

“მოგმართავთ ვაქცინაციის მხარდამჭერთა საინიციატივო ჯგუფის სახელით.

გიერთდებით რა ვაქცინაციის ეფექტურად განხორციელების სურვილში, გთხოვთ:

აცრების სარეგისტრაციო გვერდზე (booking.moh.gov.ge) დაამატოთ სათადარიგო ჯავშნების ფუნქცია იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც მზად არიან, დღის ბოლოს სწრაფად გამოცხადდნენ აცრების ცენტრებში და აიცრან გამოუყენებლად დარჩენილი, გადასაღვრელად განკუთვნილი ვაქცინით.

ღრმად გვწამს, რომ ქვეყანაში სათადარიგო რეგისტრაციის დაშვებით:

– დაიზოგება ძვირფასი რესურსი ვაქცინების სახით და შემცირდება მის შესაძენად გაწეული ხარჯი;

– გაიზრდება აცრილთა რაოდენობა;

– იმ ადამიანთა აცრით, რომლებიც გადასაღვრელად გადადებულ ვაქცინებს აითვისებენ, ვაქცინაციის მიმართ კრიტიკულად განწყობილ მოქალაქეებში გაჩნდება რწმენა ვაქცინების მიმართ, რადგანაც გაიაზრებენ, თუ როგორი ძვირფასი რესურსია თითოეული ვაქცინა. ეს ქვეყანაში აცრების საწინააღმდეგო განწყობას შეასუსტებს;

– მოიმატებს აცრების პროცესის მხარდაჭერა მოქალაქეებს შორის;

– გამრავალფეროვნდება აცრილთა კატეგორიები და ასაკობრივი ჯგუფები;

– ფართო ჩართულობითა და მოქნილობით დამატებით წვლილს შევიტანთ პანდემიის დაძლევის ძალისხმევაში.

საინიციატივო ჯგუფის წევრები (ჟურნალისტები, ექიმები, სოციალური მუშაკები, განმანათლებლები და სხვა პროფესიონალები,) გამოვხატავთ მზაობას, აქტიურად მივაწოდოთ საზოგადოებას ინფორმაცია ამ ახალი შესაძლებლობის თაობაზე”, – ვკითხულობთ პეტიციის ტექსტში.

ამ დროისთვის ჯამში აცრილთა რაოდენობა 4924-ია.

შეგახსენებთ, საქართველოში  AstraZeneca-ს ვაქცინა 13 მარტს შემოვიდა, ხოლო სამედიცინო პერსონალისათვის ვაქცინაცია 15 მარტიდან დაიწყო.

Pfizer-ის ვაქცინა კი საქართველოში 25 მარტს შემოვიდა.

ასევე, 65 წელს ზევით მოქალაქეებისთვის ვაქცინაცია 25 მარტიდანაა შესაძლებელი. რეგისტრირებულ პირებს ამ ორ ვაქცინას შორის არჩევანის საშუალება აქვთ.

იტვირთბა....