კორპორაცია Microsoft-ის დამფუძნებელის, ბილ გეითსის განცხადებით, ვაქცინაციის წყალობით, მსოფლიო ნორმალურ ცხოვრებას, შესაძლოა, 2022 წლის ბოლოს დაუბრუნდეს. გეითსის თქმით, 2021 წლის ბოლოს ვაქცინაციის დონე კორონავირუსის შემთხვევების შემცირებისთვის საკმარისი იქნება. იგი აღნიშნავს, რომ აშშ-სა და ევროპაში პანდემიის დასასრული ახლოვდება. ამის შესახებ მან პოლონურ გაზეთ Gazeta Wyborcza-სა და TVN24- თან ინტერვიუში განაცხადა.
”2022 წლის ბოლოს ჩვენ სრულად უნდა დავუბრუნდეთ ნორმალურ ცხოვრებას. ეს პანდემია წარმოუდგენელი ტრაგედიაა. ჩვენ შეგვიძლია, შევაფასოთ დანაკარგები ეკონომიკისთვის, მაგრამ ვერ შევაფასებთ დანაკარგს, რომელიც განათლებას უკავშირდება და იმას, როგორ იმოქმედა ჩვენზე იმ შეზღუდვებმა, რომელთა დაწესებაც მოგვიწია, რათა თავიდან აგვეცილებინა ხალხის დიდი რაოდენობის სიკვდილი.
ალბათ, წლის ბოლოს, ვაქცინაციის მოცულობა მიაღწევს იმ დონემდე, რომ ინფიცირების მაჩვენებელი დაეცემა, თუმცა ის ნულის ტოლი არ იქნება. მაგალითად, სკოლის ნორმალური საქმიანობა დაბრუნდება. მაგრამ პანდემიას მსოფლიოში ბოლომდე ვერ მოვიცილებთ, გვექნება მრავალი ისეთი შეზღუდვა, როგორიცაა პირბადეები და მასობრივი ღონისძიებების აკრძალვა”, – თქვა გეითსმა.
ბილ გეიტსმა ხაზი გაუსვა, რომ ბევრ ქვეყანას შეეძლო, გაცილებით უკეთ გამკლავებოდა სიტუაციას, “სწორი მეცნიერებისთვის რომ მიემართათ, რომ ტესტების რაოდენობის მონიტორინგსა და იზოლაციაზე ზრუნვას ურჩევდნენ”.
“ყველაზე მნიშვნელოვანი ის იყო, რომ არსებობდნენ ჩემნაირი ადამიანები, რომლებიც აფრთხილებდნენ და საუბრობდნენ რისკების შესახებ. მცირე ფასად შესაძლებელი იყო პრობლემებისთვის მომზადება და მათი თავიდან აცილება. სამწუხაროდ, რეკომენდებული ინვესტიციები ვერ განხორციელდა”, – განაცხადა ბილ გეითსმა.