ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

კელი დეგნანი: “აშშ-ის ღრმა რწმენაა, რომ პოზიციების შეჯერების ადგილი პარლამენტშია”

საქართველოში აშშ-ის ელჩი, კელი დეგნანი აცხადებს, რომ გასულ კვირას თავად მონაწილეობდა პრეზიდენტ შარლ მიშელის სპეციალური წარმომადგენლის, ელჩი დანიელსონის მედიაციით გამართულ მოლაპარაკებებში და როგორც მან აღნიშნა, კვლავ ოპტიმისტურადაა განწყობილი, რომ პარტიები შეთანხმებას შეძლებენ. მისივე თქმით, საჭიროა, არსებობდეს ჯანსაღი მმართველი პარტია, რომელიც საქართველოს პარლამენტში გაწონასწორებული იქნება ჯანსაღი ოპოზიციით. ამის შესახებ მან საქართველოს პირველი არხის ეთერში გადაცემა „კვირის ინტერვიუში“ ისაუბრა.

„მიუხედავად იმისა, რომ პარტიებმა შეთანხმებას ვერ მიაღწიეს, მცდელობის ნაკლებობა არ ყოფილა, პარტიები ძალისხმევას არ იშურებდნენ. მე კვლავ ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, რომ პარტიები შეძლებენ შეთანხმებას, თუკი იარსებებს პოლიტიკური სურვილი, რომ პარტიები წავიდნენ გაბედულ კომპრომისზე. მხარს ვუჭერ ამ კრიზისის დაუყოვნებლივ მოგვარებას, რადგან ვფიქრობ, საქართველოს აქვს სერიოზული გამოწვევები, რომელზეც უნდა გადაიტანოს ყურადღება. თუმცა კარგად გვესმის, რომ ქართული საზოგადოება  გაყოფილია და შეერთებული შტატების ღრმა რწმენაა, რომ პოზიციების შეჯერების ადგილი პარლამენტშია. პარლამენტის წევრებს აქვთ შესაძლებლობა, განიხილონ საკითხები და მიიღონ კანონმდებლობა მნიშვნელოვანი რეფორმებისთვის, რაც საქართველოს ასე ძალიან სჭირდება დემოკრატიული განვითარების ამ ეტაპზე. პარლამენტი, რომელშიც ერთი პარტია დომინირებს, არ არის ჯანსაღი, ეს არ არის ის, რასაც ქართველმა ამომრჩეველმა მისცა ხმა გასულ ოქტომბერში.

მეტი სიცხადისთვის გავიმეორებ, მმართველ პარტიასაც და ოპოზიციასაც უნდა ჰქონდეთ პოლიტიკური გამბედაობა ამ რთული ნაბიჯების გადასადგმელად. მათ უნდა გაიგონ, რომ კომპრომისი არ არის სისუსტის ნიშანი და მათმა მომხრეებმაც კარგად უნდა გაიგონ ეს. სინამდვილეში, კომპრომისი არის პოზიციების დასაახლოებლად, როგორც ამას საქართველოში ვხედავთ და ეს არის ამომრჩევლის პატივისცემის ნიშანი. არც ერთ პარტიას არ მიუღია უმრავლესობა გასული ოქტომბრის არჩევნებში და მარტივი ფაქტია, რომ დემოკრატია ვერ იმუშავებს და ვერ გაითვალისწინებს ქართველი ხალხის ინტერესებს კომპრომისზე წასვლის სურვილის გარეშე“, – განაცხადა კელი დეგნანმა.

ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ადმინისტრაციაში ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა პირველ მარტს ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის ინიციატივით, გაიმართა.

 

იტვირთბა....