პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ინიციატივით, სოფელ ხურვალეთში, გამყოფ ხაზთან მცხოვრები დათა ვანიშვილი გარდაცვალების შემდეგ “სამოქალაქო თავდადების“ მედლით დაჯილდოვდება. აღნიშნულ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
ადმინისტრაციის ინფორმაციით,დაჯილდოების ცერემონია, 9 აპრილს, ორბელიანების სასახლეში გაიმართება.
„დათა ვანიშვილის დაჯილდოების საკითხი პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მისი გარდაცვალებისთანავე იქნა განხილული. პრეზიდენტის ინიციატივის თანახმად, დათა ვანიშვილი სიკვდილის შემდეგ „სამოქალაქო თავდადების“ მედლით დაჯილდოვდება. დაჯილდოების ცერემონია, 9 აპრილს, ორბელიანების სასახლეში გაიმართება”, – ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
შეგახსენებთ, სოფელ ხურვალეთში გამყოფ ხაზთან მცხოვრები დათა ვანიშვილი 88 წლის ასაკში 19 მარტს გარდაიცვალა. მისი სახლი გამყოფი ხაზის მიღმა მდებარეობს. ვანიშვილთან ხშირად ჩადიოდნენ საქართველოში ჩამოსული უცხოური დიპლომატიური დელეგაციების წარმომადგენლები, რათა გაცნობოდნენ გამყოფ ხაზთან არსებულ ვითარებას.
დათა ვანიშვილი დღეს, ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებულ სასაფლაოზე დაკრძალეს.