იმუნოლოგი გიორგი ჩალაძე “იმედის კვირასთან” საუბრისას აცხადებს, რომ AstraZeneca-ს პრეპარატით საკუთარ მშობელსაც აცრიდა.
ჩალაძემ ამავე გადაცემაში განაცხადა, რომ ლეტალური შემთხვევის დაფიქსირების მიუხედავად, საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია უნდა გაგრძელდეს.
“ვნახეთ ძალიან ცუდი ფაქტი. ეს არის ერთეული შემთხვევა მსოფლიოში. საკუთარ მშობელს საჯაროდ მაინც ავცრიდი, ზუსტად ამ AstraZeneca-ს ვაქცინით. ძალიან სამწუხარო, მძიმე ფაქტია, თუმცა არ ნიშნავს, რომ ყველა შემთხვევაში გარდაცვალება დაფიქსირდება. არავის და არაფერს არ უნდა მივცეთ საშუალება გააფუჭოს სახელმწიფო სისტემა, რომელსაც ვაქცინაცია ჰქვია“, – აცხადებს ჩალაძე.
ცნობისთვის, 18 მარტს, ახალციხეში, კლინიკა “იმედში” კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთების შემდეგ, დაახლოებით ნახევარ საათში, ექთანი კომატოზურ მდგომარეობაში ჩავარდა. პაციენტი მისი მდგომარეობის სიმძიმიდან გამომდინარე ახალციხიდან თბილისის საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს. თუმცა, მისი გადარჩენა ვერ მოხდა და ის დღეს, 19 მარტს გარდაიცვალა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ 27 წლის ექთნის გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას მუხლით დაიწყო.
მომხდარის მიუხედავად, ჯანდაცვის სამინისტროში გაერთიანებული იმუნიზაციის კომიტეტის სხდომაზე ექსპერტებმა მიიღეს გადაწყვეტილება, რომ საქართველოში „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია შეუფერხებლად გაგრძელდება.
ინფორმაციითვის, “ევროპის წამლების სააგენტოს” მიერ ჩატარებულმა გამოკვლევამ დაადგინა, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო “ასტრაზენეკას” ვაქცინა „უსაფრთხო და ეფექტურია“.

