სოფელ ხურვალეთში გამყოფ ხაზთან მცხოვრებ დათა ვანიშვილის ხვალ დაკრძალავენ. დათა პაპას(ვანიშვილს) ოკუპირებულ ტერიტორიაზე მდებარე სასაფლაოზე დაკრძალავენ.
დათა ვანიშვილი, რომელიც ოკუპაციასთან ბრძოლის სიმბოლოა, ავადმყოფობის შემდეგ 88 წლის ასაკში გარდაიცვალა.
საზოგადოების წარმომადგენლები, პოლიტიკოსები, სამოქალაქო აქტივისტები ხურვალეთთან იკრიბება. ჩასული ადამიანები საოკუპაციო მავთულხლართების გამო სამძიმარზე მისვლას ვერ ახერხებენ. ისინი დათა პაპას ოჯახს სამძიმარს უცხადებენ და დათა პაპას მადლობას უხდიან ღირსეული ბრძოლისთვის რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ.
შეგახსენებთ, სოფელ ხურვალეთში გამყოფ ხაზთან მცხოვრები დათა ვანიშვილი 88 წლის ასაკში 19 მარტს გარდაიცვალა. მისი სახლი გამყოფი ხაზის მიღმა მდებარეობს. ვანიშვილთან ხშირად ჩადიოდნენ საქართველოში ჩამოსული უცხოური დიპლომატიური დელეგაციების წარმომადგენლები, რათა გაცნობოდნენ გამყოფ ხაზთან არსებულ ვითარებას.