საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, რუსთავში გასვლითი ვიზიტის ფარგლებში, „ეკო-კლუბის“ პრეზენტაციაზე იმყოფებოდა, – ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
პრესამსახურის ცნობით, პარლამენტის თავმჯდომარეს ქალაქ რუსთავის „ეკო-მეგობრის“ წოდებაც გადაეცა.
ასევე, არჩილ თალაკვაძე შეკრებილებს ეკოლოგიის დაცვის სასიცოცხლო მნიშვნელობაზე ესაუბრა და განაცხადა, რომ უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს მიერ მიღებულ „გარემოს დაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“ კანონზე ზედამხედველობას პარლამენტი აქტიურად განახორციელებს.
პარლამენტის თავმჯდომარემ მოსახლეობას ეკოლოგიასა და ბუნებაზე ზრუნვისკენ მოუწოდა და საქართველოს პარლამენტის სახელით, მხარდაჭერა და თანამშრომლობისთვის მზადყოფნა დაუდასტურა.
პარლამენტის თავმჯდომარემ და დეპუტატებმა ლეონიძის სკვერის გამწვანების აქციაში მიიღეს მონაწილეობა.
ცნობისთვის, „ეკო-კლუბი“, რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატის, ნინო ლაცაბიძის ინიციატივით შეიქმნა და მიზნად მოსახლეობის გაერთიანებასა და ქალაქის ეკოლოგიაზე ზრუნვას ისახავს.

