ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა სამართალი

ვინ იღებდა მილიონებს – კორუფცია, პოლიტიკა და ქართველი პოლიტიკოსები (ვიდეო)

კოკაინის საქმეზე დაკავებულები თვითდაზიანებებით იმუქრებიან

შეწყალების კომისიასთან დაკავშირებულ სკანდალში ახალი დეტალები გამოიკვეთა. ასახელებენ კონკრეტული მსჯავრდებულის ვინაობას, რომლის შეწყალებას ითხოვდნენ პოლიტიკოსები და ასევე ამ პოლიტიკოსების ვინაობას – მსჯავრდებული, სავარაუდოდ, ე. წ. კოკაინის საქმეზე დაკავებული ანასტასია ზაუტაშვილია, იგივე ასია მუსემიანი. რაც შეეხება პოლიტიკოსებს, ვინც მისი შეწყალებით იყო დაინტერესებული – ესენი, სავარაუდოდ, ეკა ბესელია და მანანა კობახიიძე არიან. ამ უკანასკნელმა უკვე დაადასტურა, რომ მართლაც იყო დაინტერესებული ზაუტაშვილის შეწყალებით, თუმცა მიზეზად ამ საქმისთვის გასამრჯელოს აღება კი არა, ის ამბავი დაასახელა, რომ ე. წ. კოკაინის საქმეზე მსჯავრდებულები პატიმრობაში სერიოზული საპროცესო დარღვევებით იმყოფებიან. მან ისიც თქვა, რომ თავის დროზე ამ მსჯავრდებულების ადვოკატი იყო:

მანანა კობახიძე: „2011 წელს მე ე.წ. კოკაინის საქმეზე დაკავებული პირების ადვოკატი ვიყავი სააპელაციო სასამართლოსა და შემდეგ უზენაეს სასამართლოში. საკმაოდ რთული და შრომატევადი საქმე გახლდათ. დიახ, ამ ადამიანების შეწყალებას ნამდვილად ვითხოვდი, რადგან დღესაც ვფიქრობ, რომ პატიმრობაში სერიოზული საპროცესო დარღვევებით იმყოფებიან. ჩვენებები მოწმეებზე ზეწოლით მოიპოვეს და ზოგადად, ბევრი სამართლებრივი კითხვაა პასუხგაუცემელი. ათეულობით საჩივარი მაქვს დაწერილი და როგორც მაშინ მჯეროდა, რომ საქმის გამოძიება დარღვევებით ჩატარდა, დღესაც ვფიქრობ, რომ ამ საქმის ხელახალი განხილვა უნდა დაიწყოს. ანალოგიური მოთხოვნით მთავარი პროკურორისთვისაც არაერთხელ ოფიციალურად მიმიმართავს, რადგან პატიმრების ნათესავები ამას ჩემგან, როგორც დეპუტატისგან ითხოვდნენ. შეწყალების კომისიაშიც ვგზავნიდი რეკომენდაციას, რადგან ვფიქრობ, ამ ადამიანებმა სამართლებრივი მისაგებელი ვერ მიიღეს. ერთადერთი გზა მათი მდგომარეობის შესამსუბუქებლად შეწყალება იყო”, – ამბობს კობახიძე.

შეწყალების კომისიის სკანდალზე გაზეთ „კვირის პალიტრის“ ჟურნალისტური გამოძიების ვერსიით, ე.წ. კოკაინის საქმის მთავარი ფიგურანტი ნუგზარ ბოჭორიშვილი თავისი მეგობარი ქალის, ანასტასია ზაუტაშვილის გათავისუფლებას ხელისუფლების ცვლილებისთანავე მისი პოლიტპატიმართა სიაში ჩასმით შეეცადა. ალეკო ელისაშვილს ანასტასია ზაუტაშვილის შეწყალების საქმის დაძვრას დაჟინებით სთხოვნენ პარლამენტის ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე და ეკა ბესელია.

პარლამენტის ვიცე-სპიკერი არ უარყოფს, რომ ადვილი შესაძლებელია, განცხადების ბედის გასაგებად ალეკო ელისაშვილისთვის დაერეკა, თუმცა “ეს არ ნიშნავს იმას, რომ ვინმესთან დაჟინებული მოთხოვნა მქონდა – ამბობს კობახიძე – ანასტასია ზაუტაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაც გაუარესებულია, თანაც მას სამი შვილი ჰყავს, რაც ქმნიდა საფუძველს, რომ შეწყალების კომისიისთვის მიემართათ. შესაძლოა, ალეკო ელისაშვილთან ოფიციალური განცხადებების გაგზავნის შემდეგ, მოვიკითხე, რა ეტაპზე იყო საქმის განხილვა და ისიც შესაძლოა, ელისაშვილს ვთხოვე, საქმე თაროზე არ შემოედოთ. გაასაჯაროოს ელისაშვილმა სატელეფონო ზარების შინაარსი. დიახ, მე დავრეკავ ყველასთან საჩივრის ბედის შესახებ, ვისთანაც ოფიციალური მოთხოვნა მაქვს გაგზავნილი. ეს ეხება სამინისტროებსაც და პროკურატურასაც. უსინდისობაა, თუ ალეკო ელისაშვილი ამას ასე აღიქვამს. ახლა, მე ვითხოვ იმის მტკიცებულებას, რომ ამ საქმეში 200 ათასი მაქვს აღებული”.

მედიაში განცხადება გააკეთა კოკაინის საქმეზე დაკავებულების ადვოკატმა, მირიან ნიკოლაძემაც – მისი თქმით, შეწყალების კომისიის ყოფილი თავმჯდომარის, ალეკო ელისაშვილის განცხადების შემდეგ, საპატიმროში გამომძიებლები მივიდნენ და მისი დაცვის ქვეშ მყოფები დაკითხეს.

რაც შეეხება ეკა ბესელიას, ის ელისაშვილისგან ბოდიშის მოხდას ითხოვს.

მაგრამ ვინ არის ანასტასია ზაუტაშვილი და ვის შეეძლო მის განთავისუფლებაში, სავარაუდოდ, ფულის გადახდა. ე. წ. კოკაინის საქმე რამდენიმე წლის წინანდელი ამბავია, კერძოდ, ანასტასია ზაუტაშვილი და კიდევ სამი პირი 2010 წელს ორგანიზებული ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება კოკაინის ტრანზიტით საერთაშორისო გადაზიდვის, ასევე სხვა დანაშაულის დაფარვის მიზნით, ჯგუფურად, შეკვეთით, დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მომზადების და ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენის, შენახვის, ტარების და გასაღების ბრალდებით დააკავეს.

მედიაში და შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მაშინ გავრცელებულ მასალებს თუ დავეყრდნობით, შსს-მ მსოფლიო ნარკოკარტელის ქართული გზა “აღმოაჩინა, რომელიც წყალტუბოს რაიონის სოფელ ტყაჩირში გადიოდა. იმჟამინდელი ოფიციალური ინფორმაციით, ნარკოტრანზიტი პანამას, კოლუმბიას, პერუს, საქართველოსა და ევროპას აერთიანებდა. “წამლის” მოძრაობის მარშრუტი კი, ასეთი იყო – ამერიკული “კოკაინის” დიდი პარტია, ფოთის პორტში, ჯართთან ერთად შემოდიოდა და, გარკვეული გადამუშავების შემდეგ, გეზს ევროპისკენ იღებდა.

2010 წლის 4 ივნისს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ვიდეომასალა, სადაც ასახული ანასტასია ზაუტაშვილის შეხვედრა “კილერთან”. შსს-ს ცნობით, რომან მუსემიანი კილერს კურიერის მკვლელობას ავალებს, რომელმაც დანაშაულებრივი ჯგუფის ერთ-ერთი წევრის, ნუგზარ ბოჭორიშვილისგან ფულის გამოძალვა განიზრახა. შსს-ს მიერ გავცელებულ ვიდეოში ასევე ნაჩვენებია ნარკოკარტელის ერთ-ერთი წევრის მევლუდ სვანიძის მანქანის ჩხრეკის კადრები, საიდანაც სამართალდამცველებმა 180 გრამი კოკაინი ამოიღეს. გარდა ამისა, სვანიძის სახლის ეზოში ჩამარხულ 1 700 000 ევროს მიაგნეს. ვიდეოს ბოლოს, კახა სვანიძის აღიარებითი ჩვენებაა, რომელიც საერთაშორისო კარტელის წევრებს სამხრეთ ამერიკიდან გამოგზავნილი ჯართის დაჭრაში და დამალული კოკაინის ამოღებაში ეხმარებოდა, ასევე ნარკოტიკების მანქანის ბამპერში დამალვაში.

საბოლოოდ, ამ საქმეზე ანას­ტა­სია ზა­უ­ტაშ­ვილს, გი­ორ­გი ჩე­ჩე­ლაშ­ვილ­სა და რო­მან მუ­სე­მი­ანს ფო­თის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თ­ლომ 30-30 წლი­ა­ნი პა­ტიმ­რო­ბა მი­უ­სა­ჯა. მევ­ლუდ სვა­ნი­ძეს, სას­ჯე­ლის ზო­მად, 24 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კ­ვე­თა განე­საზღ­ვ­რა, ხო­ლო თე­ი­მუ­რაზ გა­ვა­შე­ლიშ­ვილს – 16 – წლი­ა­ნი პა­ტიმ­რო­ბა. 2012 წლის შემდეგ მიღებული ამნისტიით ანასტასია ზაუტაშვილის სასჯელი 12 წლამდე შემცირდა. ის მეექვსე წელია, რაც სასჯელს იხდის და პატიმრობის კიდევ 7 წელზე ოდნავ მეტი დარჩა.

ანასტასია ზაუტაშვილის განცხადება შეწყალების კომისიაში განსახლველად 2014 წლის ივლისში შევიდა. თუმცა საქმე შეწყალების კომისიის ერთ-ერთ კრიტერიუმს არ აკმაყოფილებდა, ამიტომ ზაუტაშვილს საქმის არსებით განხილვაზე უარი უთხრეს. უარის მიღების შემდეგ მსჯავრდებულმა შიმშილობა დაიწყო.

აღსანიშნავია ერთი რამ: მაშინ, როცა ალეკო ელისაშვილმა პირველად საჯაროდ განაცხადა პატიმრების შეწყალების საქმეში თანამდებობის პირების ინტერესის შესახებ, მან საკმაოდ დიდი თანხა დაასახელა, რასაც ეს პირები, სავარაუდოდ, გასამრჯელოდ იღებდნენ; კერძოდ, ბე – 200 ათასი ლარი და საქმის წარმატებისთ დასრულების, ანუ პატიმრების შეწყალების შემთხვევაში – მილიონნახევარი ლარი.

მაშინვე ალბათ ბევრს გაუჩნდა კითხვა, რომ თუ ეს ამბავი მართალია, რასაც რასაკვირველია, გამოძიება დაადგენს, ცხადია ამხელა თანხას უბრალოდ მოკვდავისგან ვერავინ მიიღებდა. შესაბამისად, გაჩნდა ინტერესი, რომელ მსჯავრდებულს ეხებოდა საქმე.

ახალი გარემოებები კი ერთი შეხედვით ლოგიკურად ებმის ერთმანეთს – მილიონნახევარი და ნარკოდილერების კარტელი, თუმცა ეს მხოლოდ ვარაუდებია, სიმართლეს კი ცხადია ობიექტური გამოძიება დაადგენს.

ახლახანს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ანასტასია ზაუტაშვილი და ე.წ. კოკაინის საქმეზე მსჯავრდებულები ალეკო ელისაშვილის ინფორმაციაზე გამოძიების შედეგებს ახალ წლამდე ითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში თვითდაზიანებებით და პროტესტის სხვა უკიდურესი ფორმებით იმუქრებიან, – ამის შესახებ მსჯავრდებულების ადვოკატმა მირიან ნიკოლაძემ განაცხადა.
მისი ინფორმაციით, შეწყალების კომისიის ყოფილი და მოქმედი თავმჯდომარეების ალეკო ელისაშვილისა და ზვიად ქორიძის განცხადებებს მსჯავრდებულები სრულ სიცრუეს უწოდებენ და აცხადებენ, რომ არანაირი 2 მილიონის ოდენობის თანხა მათ სახელს არ უკავშირდება.

იტვირთბა....