პირველი ბზარები ორი კვირის წინ გაჩნდა, თუმცა მცირე მასშტაბის იყო და მაშინდელი რეკომენდაციებით ეს საფრთხეს არ წარმოადგენდა, ამის შესახებ ჟურნალისტებთან მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანმა განაცხადა.
მისი თქმით, როდესაც მეწყერმა საშიშ ეტაპს მიაღწია, როდესაც საფრთხე რეალურად წარმოიშვა, შესაბამისი ზომები გატარდა.
„როდესაც პირველი ბზარები გაჩნდა, დაახლოებით, ორი კვირის წინ, იყო გაცილებით პატარა მასშტაბის. შესაბამისად, რეკომენდაციები იყო, რომ იმ მომენტისთვის, იმ დღისთვის არ იყო მოსახლეობისთვის საფრთხის შემცველი. თუმცა, როდესაც მეწყერმა იმ ეტაპს მიაღწია, რომ უკვე შეიძლებოდა გადაადგილებისთვის და მოსახლეობისთვის საფრთხე შეექმნა, იმავე დღესვე გავრცელდა განცხადებაც და ქუჩაც ჩაიკეტა“, – ამბობს მერის მოადგილე, რომელიც დღეს ადგილზე გაეცნო რა ვითარებაა მეწყერსაშიშ ზონაში.
შეგახსნებეთ, მაჭავარიანის ქუჩასა და მიმდებარე ფერდებზე განხორციელებული გარკვეული მოქმედებების გამო, მეწყრული პროცესები გააქტიურდა. მოსახლეობის უსაფრთხოების მიზნით, აღნიშნულ ტერიტორიაზე საავტომობილო მოძრაობა ორმხრივად შეიზღუდა.