18 მარტს ევროკავშირის ოფისში ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების თითქმის 10 საათიანი მოლაპარაკება უშედეგოდ დასრულდა. ამ საკითხთან დაკავშირებით, “ევროპული საქართველოს” წევრმა, დავით ბაქრაძემ განაცხადა, რომ დასავლეთის მხრიდან არ ყოფილა საკმარისი ზეწოლა, რასაც თავად მომავალში ელოდება.
“ჯერ არც ევროპას და არც ამერიკას თავისი საბოლოო სიტყვა არ უთქვამს და იმის გამო, რომ ბატონი დანიელსონი დარჩა და ვიზიტი გაგრძელდა, ღარიბაშვილის ბრიუსელში ვიზიტი გამოვიდა შუა პროცესის დროს, ამ დროს კრიტიკა ბევრად ნაკლებია, ვიდრე პროცესის ბოლოს, როდესაც შედეგი ჩანს.
გუშინ შედეგი გამოჩნდა და დავინახეთ, როიმ ამ ადამიანებს არ ესმით არც კონსტრუქციულობა, არც საკითხის გადაწყვეტის მნიშვნელობა და არც ის, რასაც ეუბნებიან ნორმალური ენით. ველოდებით, რომ კრიტიკა გაგრძელდება და ბევრად უფრო მძაფრი ნაბიჯები იქნება დასავლეთიდან, ევროპიდან და ამერიკიდანაც.
ჩვენი ამოცანა იყო შეთანხმებისთვის მიგვეღწია და ქვეყანა კრიზისიდან გამოგვეყვანა, მაგრამ ერთადერთი, რაც ესმის “ქართულ ოცნებას” ეს გახლავთ პირდაპირი ძალით, სანქციების, მუქარით, მკაცრი ტონით საუბარი. ამას მიიღებენ აუცილებლად უახლოეს მომავალში ბრიუსელიდან და ვაშინგტონიდან”, – განაცხადა დავით ბაქრაძემ ჟურნალისტებთან.
ცნობისათვის, მედიაციის პროცესის დასრულების შემდეგ ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ლიდერები პირველ შეხვედრას გამართავენ. შეხვედრა დღეს, 16:00 საათზე, „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისშია ჩანიშნული.
შეგახსენებთ, წუხელ გვიან ღამით ევროკავშირის ოფისში თითქმის 10 საათიანი მოლაპარაკება უშედეგოდ დასრულდა.