ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ღარიბაშვილისა და კობახიძის განცხადებები არაფერს ნიშნავს, მთავარია რა ხდება მოლაპარაკების მაგიდასთან” – ზურა ჯაფარიძე

ზურაბ ჯაფარიძემ ხელისუფლებასა და ოპოზიციის შეხვედრის წინ კომენტარი გააკეთა და ივარაუდა, რომ თუ შუამავლებმა გადაწყვიტეს ჩვენი ერთ მაგიდასთან დასხდომა, ეს შესაძლოა პოზიციების დაახლოებას ნიშნავდეს.

მისი განცხადებით, რა განცხადება კეთდება საჯაროდ ღარიბაშვილისა და კობახიძის მიერ, ეს კი არაა მთავარი, მთავარია რა ხდება მოლაპარაკების მაგიდასთან და რა ხდებოდა ბრისუელში.

„ერთი ვიცი, რომ ხელისუფლების წარმომადგენლებიც დაესწრებიან ამ შეხვედრას. ის ფაქტი, რომ მომლაპარაკებლებმა გადაწყვიტეს ერთად დავსხდეთ მოლაპარაკების მაგიდასთან, ოპოზიცია და „ქართული ოცნება“, შეიძლება ვარაუდის დონეზე გულისხმობდეს იმას, რომ მათ შეძლეს პოზიციების დაახლოება. ეს შეიძლება იყოს ოპტიმიზმის საფუძველი. შეიძლება ეს ამის ნიშანი იყოს. ღარიბაშვილისა და კობახიძის საჯარო განცხადებები არაფერს ნიშნავს, მთავარია რა ხდება მოლაპარაკების მაგიდასთან, ამიტომ, აქ რაც მოხდება, ეგ იქნება მნიშვნელოვანი და მნიშვნელოვანია რა ხდებოდა ბრიუსელში, რაზეც ინფორმაცია არ გვაქვს. არცერთ მხარეს არ აქვს სრული ინფორმაცია, აქვთ მხოლოდ და მხოლოდ მომლაპარაკებლებს. გამიჭირდება კომენტარის გაკეთება იმაზე რა შეხვედრა იქნება და რა ფორმატი. ერთადერთი ვიცი, რომ „ოცნების“ წარმომადგენლებიც იქნებიან.

ნებისმიერ შემთხვევაში, ნებისმიერ ქვეყანაში, ნებისმიერ დროს, როცა არის ასეთი მასშტაბის პოლიტიკური კრიზისი, მთავარი პასუხისმგებელი არის ხელისუფლება ყოველთვის და ყველგან. ის ფაქტი, რომ დღეს იქნება გაერთიანებული შეხვედრა, რომელსაც ოპოზიციასთან ერთად „ოცნებაც“ დაესწრება, ეს შეიძლება ნიშნავდეს იმას, რომ მომლაპარაკებლებმა შეძლეს პოზიციების დაახლოება და გადაწყვიტეს, რომ მაგიდასთან ერთად დაგვსხან“,- განაცხადა ჯაფარიძემ.

შეგახსენებთ, ევროპული კომისიის პრეზიდენტის, შარლ მიშელის სპეციალური წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი საქართველოში მედიაციის მიზნით 12 მარტიდან იმყოფება. ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის შეთანხმების მიღწევის მიზნით, დანიელსონმა საქართველოში ვიზიტი გაახანგრძლივა.

შეხვედრა, შარლ მიშელის მონაწილეობით გამართული მოლაპარაკებების ფარგლებში, სავარაუდოდ, 6-პუნქტიან გეგმას განიხილავენ, რომელიც სხვა საკითხებთან ერთად, ვადამდელი არჩევნების ჩატარებასა და პოლიტპატიმრების გათავისუფლებასაც მოიცავს.

იტვირთბა....