“მე ეკლესიას როგორ შევბედავ რამეს, რაღაცის მოწოდებას. ეკლესია ჩემთვის საწყისთა საწყისია. უბრალოდ, ნებისმიერი წამალი რწმენით მიღებული გაცილებით ძლიერია. ეკლესიამ თქვა, რომ ჩვენ ვაქცინაციას არავის ვუკრძალავთო. ჩემთვის უხერხულია ამის მოწოდება. მე როგორ გავუბედო ეკლესიის მსახურს, რომ ასეთი მოწოდება გააკეთოს, მაგრამ მე გამაძლიერებდა მათი თანადგომა.”
ლადო კახაძე – “ქართული ოცნების” დეპუტატი
ლადო კახაძე ვაქცინაციასთან დაკავშირებით ეკლესიის პოზიციას “დორმულასტან” ეხმაურება.
ცნობისთვის, საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინასთან დაკავშირებით დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა. როგორც ჯაღმაიძემ განაცხადა, ეკლესია პასუხისმგებლობას ვერ აიღებს ვაქცინაციის პროპაგანდასთან მიმართებაში, რადგან ეს ჯანდაცვის მუშაკთა კომპეტენცია და პასუხისმგებლობაა.
ცნობისთვის, 16 მარტს, დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ წმინდა სინოდს და მღვდლმთავრებს თხოვნით მიმართა, რომ ვაქცინაციის პროცესში დაეხმარონ. როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, ამ პროცესში თითოეულ მღვდელმთავრის და ექიმის როლი უმნიშვნელოვანესია, ვინაიდან საზოგადოებას მათ მიმართ ნდობა აქვს.