ახალი ამბები მთავარი საზოგადოება ჯანდაცვა

“საპატრიარსო მუდმივად ცდილობს, საკუთარი ძალისმიერი პოლიტიკის დეკლარირებას და იწყებს პოპულისტურ ისტერიას”- თეოლოგი გიორგი ტიგინაშვილი

თეოლოგი გიორგი ტიგინაშვილი ვაქცინაციასთან დაკავშირებით საქართველოს საპატრიარქოს პოზიციას სოციალური ქსელით ეხმიანება, რომლის თანახმადაც ეკლესია ვაქცინაციის კამპანიაზე პასუხისმგებლობას ვერ აიღებს.

თეოლოგი პოსტში წერს, რომ  “საპატრიარქოს ადმინისტრაცია მუდმივად ცდილობს, მტრის ხატის გამოგონებით, საკუთარი ძალისმიერი, უკანონო და გამრუდებული პოლიტიკის დეკლარირება მოახდინოს.”

“ისინი, მუდმივად აპელირებენ თეოლოგთა “მავნებლურ მოტივებზე”, “მტრულ პათოსზე”, “კონსპიროლოგიით სპეკულირებაზე” და არცერთ შემთხვევაში კონკრეტული და დასახელებული ბრალდებების შინაარსზე. მაგალითად, კანონიკური სამართლის შუქზე, ე.წ. “მოსაყდრის” ინსტიტუტს, რომ წარმოვაჩენთ, როგორც კანონსაწინააღმდეგო, არატრადიციულ და უზურპატორულ მოვლენად, ნაცვლად იმისა, რომ საეკლესიო სამართლის სიბრტყეზე, მათივე მდგომარეობის ასახსნელად კონტრარგუმენტი მოიხმონ, იწყებენ აქცენტების გადატანით უსაგნო მსჯელობას, პოპულისტურ ისტერიას და მოსთქვამენ ინსინუაციურ ნიადაგზე წარმოდგენილ – “ეკლესიის წინაამღდეგ ბრძოლაზე”, “ცილისწამებაზე”, “დისკრედიტაციის მცდელობაზე”, “ლიბერასტობაზე” და ა.შ.

რა იწვევს მათ გაღიზიანებასა და სიშლეგეს? პირველ რიგში სიმართლე და ოპონენტების ღირსება, მათი კვალიფიციურობა და კომპეტენტურობა. ასევე, საზოგადოებრივი აზრის ობიექტურობა, ტაბუმოხსნილი კრიტიკა, შეკითხვების წარმოშობა ხალხში და რეფლექსია!”- წერს თეოლოგი.

თეოლოგი აღნიშნავს, რომ ვინც ეკლესიასი არსებულ პრობლემებზე საუბრობს, საპატრიარქოს წარმომადგენლები მათ მტრებად წარმოაჩენენ.

“აწ უკვე ოფიციალური ეკლესიის კრებსითი და სინოდური სახე – “ჭეშმარიტების” კვინტესენცია და უპასუხისმგებლობის აპოთეოზი ანდრია (ზვიად) ჯაღმაიძე და სხვა მონები თვლიან, რომ ეკლესიაში პრობლემები აბსოლუტურად არ არსებობს! ხოლო ვინც ამაზე აპელირებს, ისინი გარეშე ძალებისაგან მართული ცილისმწამებელი მტრები არიან. ე.ი. მათი აზრით:

პედოფილიის შემთხვევები სასულიერო პირებში – ცილისწამებაა!
კორონავირუსის შემთხვევები ეკლესიაში – ცილისწამებაა!
სიმდიდრე, ფუფუნება და ეპისკოპატის გაზულუქება ეკლესიაში – ცილისწამებაა!
რუსული გავლენა ეკლესიაში – ცილისწამებაა!
“მოსაყდრის” ანტიკანონიკურობა საეკლესიო სამართლის შუქზე – ცილისწამებაა!
პატრიარქის მესიანისტური გამოცხადებები, ხილვები და სიზმართ-მეზღაპრეობა – ცილისწამებაა!
პატრიარქის პუტჩისტობა – ცილისწამებაა!
მეუფე პეტრეს მხრიდან პატრიარქის მიმართ გაჟღერებული ბრალდება, რომელსაც იურიდიულ მსვლელობას ჯიუტად არ აძლევენ, სამხილების წარდგენის საშუალებას ბლოკავენ და გამოძიებას უფრთხიან – ცილისწამებაა!
ანტივაქსერული და ანტიმეცნიერული პოზიციები ეკლესიაში – ცილისწამებაა!
ჰომოსექსუალური ლობის არსებობა ეკლესიაში – ცილისწამებაა!
ანტიფანარისტული და რუსოფილური განწყობები საპატრიარქოში – ცილისწამებაა!
ფანატიზმი, ექსტრემიზმი და აგრესია ეკლესიაში – ცილისწამებაა!
ნარკომანია ეკლესიაში – ცილისწამებაა!
მრუშობა სამღვდელოებაში – ცილისწამებაა!
ბიზნეს-კარტელი და მაფია ეკლესიაში – ცილისწამებაა!
გაუნათლებლობა და უცოდინრობა ეკლესიაში – ცილისწამებაა!
პოლიტიკანობა და ხელისუფლებათა მიმართ წინასაარჩევნო ფლირტი ეკლესიაში – ცილისწამებაა!
სინოდის ნომინალურობა და ეპისკოპატის კონფორმიზმი – ცილისწამებაა!
თბილისის სასულიერო სემინარია-აკადემიაში არსებული რეჟიმის სიმძიმე და მოძალადე პროტოპრესვიტერის პარანოიდული გამოხტომები – ცილისწამებაა!
მეუფეების ჯიპებით სიარული და მათი ძვირადღირებული ავტოპარკები – ცილისწამებაა!
ერეტიკული აზრები იერარქიაში – ცილისწამებაა!
უკრ. ავტ. ეკლ. ტომოსი, რომ ჯერაც არ წაუკითხავთ – ცილისწამებაა!
მეუფე ნიკოლოზი რომ ჯამბაზი, მასხარა და უსირცხვილო კაცია – ცილისწამებაა!
მოკლედ ყველაფერი, ყველა პრობლემა, ყველა დარღვევა, ყველა უკეთურება, რაც მათზე ჟღერდება – “ცილისწამებაა”!

რით ვერ გაიგეთ, რომ ჩვენს საპატრიარქოს ქერუბიმები და სერაფიმები მართავენ ღმერთკაც ილია II-სთან ერთად და განა შეიძლება “სასუფევლის ფილიალში” რაიმე დარღვევა იყოს?!

P.S. ზვიადი აღარ ჰქვია ჯაღმაიძესაც, იგი ანდრია გახდა, მას მერე, რაც პეტერბურგის გზაზე გაიარა და პოლიტ ბიუროს გამოცხადებისას ФСБ-ს მესამე “პაგონზე” იქნა აღტაცებული…”- წერს თეოლოგი სოციალურ ქსელში.

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინასთან დაკავშირებით დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა. როგორც ჯაღმაიძემ განაცხადა, ეკლესია პასუხისმგებლობას ვერ აიღებს ვაქცინაციის პროპაგანდასთან მიმართებაში, რადგან ეს ჯანდაცვის მუშაკთა კომპეტენცია და პასუხისმგებლობაა.

ცნობისთვის, 16 მარტს, დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ წმინდა სინოდს და მღვდლმთავრებს თხოვნით მიმართა, რომ ვაქცინაციის პროცესში დაეხმარონ. როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, ამ პროცესში თითოეულ მღვდელმთავრის და ექიმის როლი უმნიშვნელოვანესია, ვინაიდან საზოგადოებას მათ მიმართ ნდობა აქვს.

იტვირთბა....