ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელი მარინა ენდელაძე ერთ-ერთია იმ მედიკოსთანაგან, რომელიც 15 მარტს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა. როგორც მარინა ენდელაძე “მეტრონომთან” ამბობს, თავს კარგად გრძნობს და რაიმე უკუჩვენება “ასტრაზენეკას” ვაქცინას არ აქვს.
მან ასევე იმ ანტიკამპანიაზეც ისაუბრა, რაც რამდენიმე დღეა “ასტრაზენეკას” წინააღმდეგ ღიად მიმდინარეობს:
“თავს ძალიან კარგად ვგრძნობ. ვმუშაობ. გუშინაც გვიანობამდე სამსახურში ვიყავი. არაფერი განსაკუთრებული არ მიგრძვნია არც გუშინ და არც ახლა. არანაირი პრობლემა არ მაქვს.
მილიონობით ადამიანი აიცრა “ასტრაზენეკათი.” მე პირადად არ მეშინია. დარწმუნებული ვარ, მალე ეს ქვეყნებიც მიიღებენ ამ ვაქცინას და ისევ იქნება “ასტრაზენეკით” აცრა. ვაცადოთ რამდენიმე დღე. ჯანმომ განაცხადა, რომ ისევ უნდა იყოს “ასტრაზენეკით” ვაქცინაცია და არანაირი გვერდითი მოვლენები მას არ აქვს. ასეთი განსაკუთრებული შიშები რომ მქონოდა, არ ავიცრებოდი.
ვაქცინაცია ასე ითვლება, რომ ეს არის პანდემიის დასასრულის დასაწყისი. მალე წამალიც წამოგვეწევა”, – თქვა მარინა ენდელაძემ.
თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში ვაქცინაციის პროცეს უკვე დაიწყო, სამედიცინო პირბადის ტარების მაჩვენებელი საგრძნობლად დაეცა, რასაც მარინა ენდელაძე ე.წ. მესამე ტალღის წინაპირობას უწოდებს.
“ყველა უნდა ეცადოს, რომ პირბადე ატაროს. ჩვენთან ჯერ ისეთი მასიური ვაქცინაცია არ არის, რომ მარტო ვაქცინაციის იმედზე ვიყო. პირბადე ყველაზე აქტულურია. იქნება მესამე ტალღა, ზუსტად ვერ გეტყვით, მაგრამ ალბათ იქნება”, – დასძინა მარინა ენდელაძემ “მეტრონომთან.”
ცნობისათვის, 15 მარტს, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძე, თბილისის ინფექციური საავადმყოფოს წარმომადგენლები მარინა ეზუგბაია და მარინა ენდელაძე, ასევე ექიმები კორონავირუსი საწინააღმდეგო ვაქცინით პირდაპირ ეთერში 15 მარტს აიცრნენ.
ავტორი: თამარ შუკვანი