ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, რომ ის ე.წ. კომენდანტის საათის გადაწევას მხარს არ დაუჭერს.
როგორც ეკატერინე ტიკარაძემ “რუსთავი 2”-ის ეთერში განაცხადა, ევროპის სხვა ქვეყნებში ე.წ. კომენდანტის საათი უფრო ადრე იწყება, ვიდრე საქართველოში, გარდა ამისა, შეზღუდვების მოხსნასთან დაკავშირებით ეპიდემიოლოგებმა ბევრი დათმეს.
“არა, მე ამას მხარს არ დავუჭერდი, ვინაიდან ჯანდაცვის სამინისტრომ და ეპიდემიოლოგებმა გააკეთეს ძალიან ბევრი დათმობა, ჩვენ ავიღეთ საკმაოდ დიდი რისკი ჩვენს თავზე, როდესაც მხარი დავუჭირეთ საკოორდინაციო საბჭოზე შეზღუდვების ასეთ მყისიერ მოხსნას, ჩვენ დაგვრჩა რეალურად ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური ბერკეტი, რომელიც აპრობირებულია სხვა ქვეყნებში.
უნდა ითქვას, რომ სხვა ქვეყნებში 19:00-სა და 20:00-ზე იწყება ეს შეზღუდვები, აქედან გამომდინარე, ვთვლით, რომ 21:00 ეს არის ის ოპტიმალური დათმობა, რომელიც ჩვენ გავაკეთეთ თავის დროზე.”- განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
ცნობისათვის, 25 თებერვლიდან, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებული შეზღუდვების ნაწილი ეტაპობრივად იხსნება.
შეგახსენებთ, კორონავირუსის პრევენციის მიზნით ქვეყანაში მკაცრი შეზღუდვები 28 ნოემბრიდან ამოქმედდა.მთავრობამ შეზღუდვების ეტაპობრივად მოხსნის გეგმა შეიმუშავა.
შეზღუდვების ნაწილი მოიხსნა პირველი თებერვლიდან, კერძოდ, გაიხსნა სავაჭრო მოლები და განახლდა სასწავლო პროცესი, 8 თებერვლიდან კი ამუშავდა საზოგადოებრივი ტრანსპორტი.
რაც შეეხება ე..წ კომენდანტის საათს, ძალაში რჩება და ღამით გადაადგილება შეზღუდულია 21:00 საათიდან 05:00 საათამდე.