“ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია”(WHO) ევროპის ქვეყნებს მოუწოდებს, გააგრძელონ აცრა “ასტრაზენეკას” ვაქცინით, ვინაიდან არ არსებობს მტკიცებულება, რომელიც ადასტურებს კავშირს ვაქცინასა და თრომბოემბოლიურ გართულენას შორის.
“ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია” გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნავს, რომ არ არსებობს მტკიცებულება, რომელიც ამ აზრს დაადასტურებს.
WHO-ს ექსპერტები დღეს, 16 მარტს ამ საკითხის განსახილველად იკრიბებიან. დღესვე, ევროპის წამლის სააგენტოში “ასტრაზენეკას” და თრომბის კავშირზე იმსჯელებენ. სააგენტო გადაწყვეტილებას ხუთშაბათს, 18 მარტს გამოაცხადებს.
განცხადება თავად “ასტრაზენეკამაც” გაავრცელა, სადაც გამორიცხა კავშირი ვაქცინას და თრომბს შორის.
კომპანიამ განაცხადა, რომ ბრიტანეთსა და ევროკავშირში აცრილი 17 მილიონი ადამიანიდან მხოლოდ 15 ადამიანის დაუდასტურდა ვენის ღრმა თრომბოზი და 22 ადამიანს – ფილტვის ემბოლია, რაც ვერ იქნება დაკავშირებული ვაქცინის უკუჩვენებებთან, ვინაიდან მოსახლეობის ამ რაოდენობისთვის მსგავსი სიმპტომები ბუნებრივია.
15 მარტს, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძე, თბილისის ინფექციური საავადმყოფოს წარმომადგენლები მარინა ეზუგბაია და მარინა ენდელაძე, ასევე ექიმები კორონავირუსი საწინააღმდეგო ვაქცინით პირდაპირ ეთერში აიცრნენ.