“სამწუხარო ის არის, რომ დღეს თბილისსა და ქუთაისს შორის უფსკრულია…” – ამის შესახებ პოლიტოლოგი, გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
ხუხაშვილი თავისივე პოსტში ქუთაისში მიმდინარე აქციასა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის სპეციალური წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი პოლიტიკური პარტიების შეხვედრას შორის პარალელს ავლებს.
“მეტრონომი” გია ხუხაშვილის პოსტს უცვლელად გთავაზობთ.
“რა უფრო მნიშვნელოვანია – ის რაც ხდება ქუთაისში, თუ ის რაც ხდება თბილისში?
რა აკავშირებს და რა ყოფს ამ ორ პროცესს?
ერთის მხრივ არის ხალხი, რომელიც ქუჩაში იცავს მისთვის უაღრესად მნიშვნელოვან ფასეულობას.
მეორეს მხრივ მათგან იზოლირებული კაბინეტებში ჩაკეტილი “არისტოკრატია” არკვევს, რომელი წარმოადგენს იგივე ხალხს.
პირველი ასახავს სახელმწიფოებრივ კრიზისს, მეორე პოლიტიკურს.
თუ ფიქრობთ, რომ ხელისუფალი მსახურია, თქვენთვის დღეს მთავარი ქუთაისია.
თუ ფიქრობთ, რომ ხელისუფალი ბატონია, თქვენთვის მთავარი დღეს თბილისია.
სამწუხარო ის არის, რომ დღეს თბილისსა და ქუთაისს შორის უფსკრულია….” – წერს ხუხაშვილი.
ინფორმაციისთვის, “ნამახვანჰესის” მშენებლობის წინააღმდეგ ქუთაისსა და თბილისში აქციები იმართება. აქციაზე შეკრებილები კომპანია “ენკას” ხელშეკრულების გაუქმებას და მისი რიონის ხეობიდან გასვლას ითხოვენ. დღეს კი აქტივისტების მოთხოვნებს ეკონომიკის მინისტრის გადადგომაც დაემატა.
თბილისში კი ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის სპეციალური წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი საქართველოში პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შეხვდა.