ავტოავარიაში დაღუპული 26 წლის პოლიციელის ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან აქცია გამართეს. მანუჩარ კოჩალიძის ოჯახის წევრები მკვლელობაში ბრალდებულის წინასწარი პატიმრობიდან გათავისუფლებას აპროტესტებენ და ბრალდებულის დაკავებას, მოსამართლისთვის საქმიანობის შეწყვეტას და საქმის ობიექტურად გამოძიებას მოითხოვენ. მათ ტრანსპარანტებიც მიიტანეს წარწერებით “მკვლელი ციხეში”, “მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძეს აეკრძალოს სასამართლოს ჩატარება”.
გარდაცვლილის მამამ მურმან კოჩალიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ავტოსაგზაო შემთხვევის შემდეგ, გურამ ბორცვაძემ მძიმედ დაშავებული მისი შვილი მიატოვა და მიიმალა. ბოცვაძე გორში დააკავეს, თუმცა, პოლიციელის მამის თქმით, მაღალჩინოსნის მფარველობის წყალობით მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძემ ბრალდებულს საპატიმრო მალევე დაატოვებინა.
“ჩემს შვილს სახლიდან 50 მეტრში ბორცვაძე მანქანით დაეჯახა და ადგილზე მოკლა. სამუხრუჭე სისტემა არ გამოუყენებია არც დარტყმის მომენტში და არც შემდგომ. ის პირდაპირ მანქანის გაუჩერებლად გაიქცა. პროკურატურა ითხოვდა ორთვიან წინასწარ პატიმრობას, თუმცა მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძემ ის 15 ათას ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. ჩვენ ვითხოვთ, ასეთი დამნაშავის გათავისუფლებისთვის მოსამართლეს აეკრძალოს სასამართლოს სხდომის ჩატარება. მკვლელს მაღალჩინოსნები მფარველობენ, მაგრამ მოვითხოვთ, ის დღესვე ჩასვან ციხეში. საგამოძიებო ჯგუფმა 24 საათში დაიჭირა დამნაშავე, უგუნურმა მოსამართლემ კი ასე დაუსაბუთებლად გარეთ გამოუშვა”, – ამბობს მურმან კოჩალიძე.
ეჭვს, რომ სავარაუდო დამნაშავეს მაღალჩინოსანი მფარველობს, უფლებადამცველი თამაზ ბაკურიძეც გამოთქვამს, რომელიც საპროტესტო აქციაზე იმყოფებოდა.
“ავარიის შემდეგ დამნაშავე ადგილიდან მიიმალა, საქმის ვითარება არც სასწრაფო დახმარებას გააგებინა და არც სამართალდამცველებს. არის ეჭვი, რომ საქმეში ვიღაც არის ჩარეული, წინააღმდეგ შემთხვევაში, ბრალდებულს პატიმრობა არ ასცდებოდა. მსგავს შემთხვევებში სასამართლო აღმკვეთი ღონისძიების გარდა სხვა სასჯელს არ იყენებს”, – აღნიშნა თამაზ ბაკურიძემ.
ავარია, რომელსაც 26 წლის მანუჩარ კოჩალიძის სიცოცხლე ემსხვეპლა, ბათუმში 29 ნოემბერს მოხდა.