TV “პირველის” ჟურნალისტი ნოდარ მელაძე გადაცემაში მონოლოგით წარსდგა, სადაც ტელეკომპანიის ირგვლივ ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება.
ნოდარ მელაძე მონოლოგში წარსულში ხელისუფლების მხრიდან მედიასაშუალებების შევიწროვების ფაქტებს იხსენებს და ამბობს, რომ არხის ჟურნალისტები ბრძოლას არ შეაჩერებენ სიმართლის გამოსავლენად.
“ჩვენ ვართ ჟურნალისტები, ეს პროფესია შემთხვევით არ აგვირჩევია, ეს გადაცემა ხელისუფლებას ყველაზე მეტად უშლის ნერვებს. გახსნილია საარტილერიო ცეცხლი გამომძიებელი ჟურნალისტების წინააღმდეგ. გვერჩიან, გვებრძვიან, მაგრამ არ გვესმის, ეც ჩვენი პროფესიაა.
გასულ კვირას ხელისუფლებამ გადამწყვეტი შეტევა მიიტანა ტვ “პირველზე. თუმცა არ გვაქვს მოლოდინი, რომ ეს ამით დამთავრდა და აღარ გაგრძელდება.
ვიდრე ეთერში ვართ და ვიდრე ხელისუფლებას არ გადაუწყვეტია, თითის ერთი დაჭერით გათიშოს კრიტიკული ტელევიზიები, ვიწყებთ…”
შეგახსენებთ, 6 მარტს, “ნოდარ მელაძის შაბათში” გასული სიუჟეტის შემდეგ, სადაც პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილისა და ბერა ივანიშვილის ფარულ აუდიოჩანაწერზე იყო საუბარი, პროკურატურამ გამოძიება დაიწყო. გადაცემაში ნაჩვენები სიუჟეტის თანახმად, ბერა ივანიშვილი ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად არასასურველი კომენტარების გამო, რამდენიმე პირის, მათ შორის ბავშვის დასჯას უკვეთავს. ამავე საგამოძიებო სიუჟეტის მიხედვით, სახელმწიფო უსაფრთხოების უფროსის, ანზორ ჩუბინიძე ბერა ივანიშვილის სახელით მოქალაქეებს ატერორებდა.
ამასთან, სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და “TV პირველიდან” მასალების ამოღების ნებართვა მისცა.აღნიშნულ გადაწყვეტილებას “ტვ პირველი” განცხადებით გამოეხმაურა, სადაც აღნიშნა, რომ ხელისუფლება ტელევიზიაში შეჭრას აპირებს.. აღნიშნული ინფორმაცია მალევე უარყო საგამოძიებო ორგანომ და განაცხადა, რომ უწყების თანამშრომლები კომპანიაში შეჭრას არ აპირებენ.
ცნობისათვის, 9 მარტს ტელეკომპანია „იმედის” ეთერში გავიდა ბერა ივანიშვილის ინტერვიუ, სადაც მან “ნოდარ მელაძის შაბათის” მიერ გავრცელებულ აუდიოჩანაწერების შესახებ ისაუბრა.