ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ტყუილის თქმა ნაცმოძრაობის ჯოკერია…” – მათიკაშვილი გავრცელებულ ჩანაწერთან დაკავშირებით ექსპრეზიდენტის განცხადებას ეხმიანება

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიერ ჩანაწერებთან დაკავშირებით გუშინ გაკეთებული განცხადების შეფასებისას განაცხადა, რომ  – “2003-2012 წლებში მიმდინარეობდა ჩვენი საზოგადოების მასობრივი უკანონო თვალთვალი და მიყურადება, უსმენდნენ ყველას, საკუთარ გუნდის წევრებსაც კი, რათა ყველას მიმართ ჰქონოდათ კომპრომატი.”

რაც შეეხება ერთი კვირის წინ მედიაში გავრცელებულ აუდიოჩანაწერებს, როგორც მათიკაშვილი ამბობს, გასაკვირია, რომ სახალხო დამცველისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან დღემდე არ გაკეთებულა განცხადება, რომელიც ამ ფაქტს შეაფასებდა.

„პოლიტიკურ უტიფრობასაც ვერ დავარქმევდი ამას. ალბათ, უფრო ღრმა ფესვები აქვს ამ ყველაფერს. ტყუილის თქმა და ტყუილის ტირაჟირება „ნაციონალური მოძრაობის“ ცნობილი „ჯოკერია“, მაგრამ მინდა, გითხრათ, რომ საზოგადოებისთვის და მთელი მსოფლიოსთვის ყველაფერი არის ძალიან კარგად ცნობილი. 2003-2012 წლებში მიმდინარეობდა ჩვენი საზოგადოების მასობრივი უკანონო თვალთვალი და მიყურადება, უსმენდნენ და იწერდნენ ყველას, საკუთარ გუნდის წევრებსაც კი, რათა ყველას მიმართ ჰქონოდათ კომპრომატი. ამიტომ ნამდვილად არ არის გასაკვირი, რომ 2010-2011 წლებში ირაკლი ღარიბაშვილისა და ბერა ივანიშვილის ჩანაწერები გააკეთეს ფარულად, მოყურადებით.

აქვე მინდა, ერთი საკითხი წამოვჭრა, ერთი კვირაა, ერთ-ერთი ტელევიზიის მიერ ხდება გაურკვეველი წარმომავლობის, ფალსიფიცირებული ჩანაწერის ტირაჟირება, სადაც საუბარია ამ ჩანაწერში არსებული ფიგურანტების მიერაც, რომ ჩანაწერი გაკეთებულია, მაშინ, როდესაც  ბერა ივანიშვილი 15 წლის, ანუ არასრულწლოვანი იყო. ძალიან გასაკვირია, რომ სახალხო დამცველის და არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან დღემდე არ გაკეთებულა ერთი განცხადებაც კი, რომელიც შეაფასებდა ამ მოვლენას. ჩვენ ძალიან კარგად გვახსოვს ჩანაწერებთან დაკავშირებით არსებული ვითარება ჩვენს ქვეყანაში. 2012 წლიდან ეს პრობლემა მეტ-ნაკლებად დაიძლია, თუმცა ფარული ჩანაწერების გამოქვეყნების ცალკეული შემთხვევები იყო, რასაც მყისიერი რეაგირება მოჰყვებოდა როგორც სახალხო დამცველის, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან. ძალიან დიდი სურვილია, ქვეყანაში არ არსებობდეს მიდგომის ორმაგი სტანდარტები და ყველამ უკანონოდ მოპოვებულ, გაურკვეველი წარმომავლობის ჩანაწერებთან მიმართებაში იქონიოს ანალოგიური, ადეკვატური და ერთგვაროვანი მიდგომები“, –   განაცხადა მათიკაშვილმა.

შეგახსენებთ, გუშინ, ექსპრეზიდენტმა, მიხელ სააკაშვილმა განაცხადა, რომ მისი მმართველობის დროს არავის პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერი გარეთ არ გამოსულა. მისივე თქმით, ყველანაირი ჩანაწერის წინააღმდეგია.

იტვირთბა....