ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა სამართალი

“გამიკვირდებოდა მთავრობის სხდომაზე ფარულ ჩანაწერებზე რომ ესაუბრა” – მდინარაძე ირაკლი ღარიბაშვილზე

“გამიკვირდებოდა მთავრობის სხდომაზე, ჩანაწერების დეტალებზე საუბარი რომ დაეწყო,” – ასე უპასუხა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტების კითხვას – რატომ არ გააკეთა ამ დრომდე პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა კომენტარი 6 მარტს გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებზე.

ამასთან, მდინარაძიმ აღნიშნული კითხვის საპასუხოდ დასძინა, რომ “თუ შეგიძლიათ მითხრათ ერთი შემთხვევა, როდესაც ირაკლი ღარიბაშვილს დაუსვით შეკითხვა და მან პასუხს თავი აარიდა”.

“მე არ მგონია და არ მიმაჩნია სერიოზულად, რომ ასეთ საკითხებზე მთავრობის სხდომაზე უნდა ილაპარაკოს ქვეყნის პირველმა პირმა, აღმასრულებელი ხელისუფლების ხელმძღვანელმა და მთავრობის მეთაურმა პრემიერმინისტრმა. არ მიმაჩნია სწორად და მართლა გამიკვირდებოდა მთავრობის სხდომაზე, იმ საქმეებთან ერთად, რომელსაც გეგმავს, ყველაზე აქტუალურ აღსასრულებელ საკითხებთან ერთად რომ დაეწყო ჩანაწერების დეტალებზე საუბარი. თუ შეგიძლიათ მითხრათ ერთი შემთხვევა, როდესაც ირაკლი ღარიბაშვილს დაუსვით შეკითხვა და მან პასუხს თავი აარიდა, მგონია, რომ ამას ვერ გააკეთებთ. როგორც კი ირაკლი ღარიბაშვილი ინტერვიუზე დადგება, დარწმუნებული ვარ, პირველივე კითხვაზე გაგცემთ ამომწურავ პასუხს. ამის პრობლემა ირაკლის არასდროს ქონია.” – განაცხადა მდინარაძემ.

შეგახსენებთ, რომ “ნოდარ მელაძის შაბათში” სიუჟეტი გავიდა, სადაც პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილისა და ბერა ივანიშვილის ფარულ აუდიოჩანაწერზე იყო საუბარი. გადაცემაში ნაჩვენები სიუჟეტის თანახმად, ბერა ივანიშვილი ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად არასასურველი კომენტარების გამო, რამდენიმე პირის, მათ შორის ბავშვის დასჯას უკვეთავს. ამავე საგამოძიებო სიუჟეტის მიხედვით, სახელმწიფო უსაფრთხოების უფროსის, ანზორ ჩუბინიძე ბერა ივანიშვილის სახელით მოქალაქეებს ატერორებდა.

ცნობისათვის, 9 მარტს ტელეკომპანია „იმედის” ეთერში გავიდა ბერა ივანიშვილის ინტერვიუ, სადაც მან “ნოდარ მელაძის შაბათის” მიერ გავრცელებულ აუდიოჩანაწერების შესახებ ისაუბრა.

დღეს კი  საქართველოს გენერალური პროკურატურა, “ტვ პირველის” მიერ გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებზე გამოძიებას იწყებს.

პროკურატურის დღევანდელ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით “ტვ პირველმა” განცხადება გაავრცელა, სადაც ამბობენ, რომ ხელისუფლება ტელევიზიაში შეჭრას აპირებს.

იტვირთბა....