ფრაქცია “ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ საქართველოში არც “ტვ პირველს“ და არც სხვა რომელიმე მედია საშუალებას “ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში არანაირი პრობლემა არ შეექმნება.
როგორც მდინარაძემ დღეს გამართულ პრესკომფერენციაზე განაცხადა, კანონით ჟურნალისტს, პარლამენტის წევრს, ასევე სასულიერო პირს აქვს უფლება თავისი საქმიანობის დროს მოპოვებული ინფორმაცია არავის არ გადასცეს და არ გაამხილოს ინფორმაციის წყარო.
მისივე განმარტებით, ყველა იმ გადაწყვეტილებაში, რომელიც სასამართლოს ამოღების ღონისძიებასთან დაკავშირებით გამოაქვს, წერია ის წესი, რაც ამოღების საგამოძიებო მოქმედებს ახლავს თან.
“შეჭრაზე საუბარი არის მოგონილი ამბავი – არავინ არსად შესვლას არ აპირებს! თხოვნა გვაქვს – ნუ მოვიგონებთ პრობლემებს და შემდეგ ამ მოგონილ პრობლემებზე ნუ გავბრზადებით. ნუ შევქმნით პანიკას იქ, სადაც არა თუ საპანიკო, არამედ გასანერვიულებელიც კი არაფერია!“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
ინფორმაციისთვის, პროკურატურის დღევანდელ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით “ტვ პირველმა” განცხადება გაავრცელა, სადაც ამბობენ, რომ ხელისუფლება ტელევიზიაში შეჭრას აპირებს.
ცნობისათვის, მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და “TV პირველიდან” მასალების ამოღების ნებართვა მისცა. საქმე ეხება 6 მარტს, “ნოდარ მელაძის შაბათში” გასულ ფარულ აუდიოჩანაწერებს.
დღეს, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ “ტვ პირველთან” დაკავშირებით საგანგებო განცხადებაც გაავრცელა.