ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

პროკურატურა “TV პირველის” საქმეზე საგანგებო განცხადებას ავრცელებს

გავრცელებული ინფორმაცია, რომ პროკურატურა “TV პირველში” შეჭრას აპირებს, სიცრუეა. ამის შესახებ უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. მათივე ცნობით, ტელეკომპანიის გაჟღერებული პოზიცია, რომ საგამოძიებო ორგანოს ეთერში გასული ჩანაწერები არ მოუთხოვია, წარმოადგენს სასამართლოს განჩინების არასწორ ინტერპრეტაციას, რაც აჭიანურებს გამოძიების მიერ დაგეგმილი საპროცესო და საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებას.

“ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ არავინ არ აპირებს ტელევიზიაში შეჭრას და შევარდნას, ამის დადასტურებას წარმოადგენს ჩვენს მიერ ამოღების განჩინების ტელევიზიისთვის მიწოდებაზე მათთან წინასწარი სატელეფონო კომუნიკაცია და განჩინების მათთვის ფოსტით გაგზავნის ფაქტიც. მსგავსი სახის ინფორმაცია ცალსახად არასწორია და ემსახურება საზოგადოების მიზანმიმართულად შეცდომაში შეყვანას.

გამოძიების მიზანია სწრაფად განხორციელდეს ტელეკომპანიის ეთერში გასული ფარული ჩანაწერების მოპოვება/მიღება, რათა დროულად დაინიშნოს შესაბამისი ექსპერტიზები მათი ავთენტურობის დადგენის მიზნით და ჩატარდეს სხვა საჭირო საგამოძიებო, საპროცესო მოქმედებები.

განვარტავთ, რომ ელექტრონული ინფორმაცია, მათ შორის აუდიო ფაილები შეიძლება დატანილი იყოს ელექტრონული ინფორმაციის მატარებელ მოწყობილობაში, როგორიცაა ტელეფონი, ელ.დისკი, კომპიუტერი, გარე მყარი დისკი და ა.შ. და კომუნიკაციის მხარეს შეიძლება გადაეცეს ელექტრონული ინფორმაციის მატარებელი მოწყობილობით.

საქართველოს პროკურატურა იმედს იტოვებს, რომ ტელეკომპანია TV პირველი ითანამშრომლებს გამოძიებასთან, რათა ხელი არ შეგვეშალოს სწრაფი და ეფექტური გამოძიების უზრუნველყოფაში. იმედი გვაქვს, ტვ1  მოგვაწვდის მათთვის წყაროს მიერ გადაცემულ აუდიო ფაილებს იმ ელექტრონულ მოწყობილობასთან ერთად, რომლითაც მათ ეს ფარული ჩანაწერები მიეწოდათ”.- აცხადებს პროკურატურა.

შეგახსენებთ, „TV პირველის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სასამართლოს განჩინების მიხედვით, პროკურატურას ტელეკომპანიაში საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების უფლება მიეცა.

იტვირთბა....