ტელეწამყვანი ინგა გრიგოლია აცხადებს, რომ მათ “TV პირველი” საკუთარი ხელებით შექმნეს და ამ ტელევიზიას ხელისუფლებას არ დაუთმობენ. ამის შესახებ მან ტელეკომპანიაში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.
“მინდა ხელისუფლებას მივმართო, ბევრი წლის განმავლობაში ჩვენ ბევრი რამ გვინახავს, გვინახავს 7 ნოემბერი, ხელკეტები და სპეცრაზმით აღებული ტელევიზია, გვინახავს შევარდნაძის დროს უშიშროების შესვლა ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ში, სწორედ ასეთი, რაღაც შესაბამისი საბუთებით. გვინახავს ამ ტელევიზიაზე ძალიან დიდი ზეწოლები, შანტაჟი, მუქარა, სასამართლოები, პროკურატურა, არარსებული საქმის გამო, რომ ჩვენი დამფუძნებლის მამას, დაატარებდნენ პროკურატურაში და სასამართლოში, ეს საქმე დღემდე გრძელდება.
გავლილი გვაქვს ყველაფერი, ვართ ძალიან გამოწრთობილი თაობა, რომ ამ ბრძოლისთვის ვიყოთ მზად და გაძლევთ პირობას, არც ერთი წამით არ დავთმობთ ამ ტელევიზიას, რომელიც ჩვენი ხელებით გვაქვს აშენებული. გითხრათ, რომ ამას არ ველოდითქო მოგატყუებთ, რა საკვირველია ამ ჩანაწერების გასაჯაროების შემდე, ველოდი “ტვ პირველზე” ძალიან დიდ შემოტევას”, – განაცხადა ინგა გრიგოლიამ.
ცნობისათვის, მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და “TV პირველიდან” მასალების ამოღების ნებართვა მისცა. საქმე ეხება 6 მარტს, ნოდარ მელაძის შაბათში გასულ ფარულ აუდიოჩანაწერებს.
დღეს, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ “ტვ პირველთან” დაკავშირებით საგანგებო განცხადებაც გაავრცელა.