იურისტი თამთა მეგრელიშვილი “TV პირველიდან“ მასალების ამოღების ნებართვაზე გაცემულ მოსამართლის განჩინებას სოციალურ ქსელში ეხმაურება, რომლის თანახმად გავრცელებული აუდიოჩანაწერის ავთენტურობის დასადგენად პროკურატურა ტელეკომპანიას სთხოვს მიაწოდოს მათთვის წყაროს მიერ გადაცემული აუდიოფაილები იმ ელექტრონულ მოწყობილობასთან ერთად, რომლითაც მათ ეს ფარული ჩანაწერები მიეწოდათ.
იურისტი, აგრეთვე, „TV პირველის“ თანამშრომლებს გამოძიებასთან თანამშრომლობისკენ მოუწოდებს:
„ითანამშრომლეთ გამოძიებასთან და მიაწოდეთ ყველა მასალა, რათა ერთხელ და სამუდამოდ დასრულდეს ამ ქვეყანაში პოლიტიკურ ინტერესებზე მორგებული მასალებით საზოგადოებაში აზრის ფორმირება.
ვერ ვხვდები შექმნილი ისტერიის მიზანს. საკითხი მარტივად დგას – დარწმუნებული ვარ ტვ პირველი და ამ ტელეკომპანიაში მომუშავე ადამიანები დაინტერესებულები არიან, რომ გამოძიება ჩატარდეს და მივიდეს კონკრეტულ კონდიციამდე. საზოგადოებაზე მანიპულირებისთვის ნუ ამოვეფარებით სიტყვებს: როგორც ჩვენი სანდო წყარო ამბობს, ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით, კულუარული ინფორმაციით, გავრცელებული ინფორმაციით და ა.შ.
რიგ შემთხვევაში ბუნდოვანი წყაროს უკან, თქვენც ხომ იცით, რომ კონკრეტული პოლიტიკური ჯგუფის ინტერესი დგას, რომელთა ხელშიც, ჟურნალისტი ნებსით თუ უნებლიედ მარიონეტებად იქცევით?! ითანამშრომლეთ გამოძიებასთან და მიაწოდეთ ყველა მასალა, რათა ერთხელ და სამუდამოდ დასრულდეს ამ ქვეყანაში პოლიტიკურ ინტერესებზე მორგებული მასალებით საზოგადოებაში აზრის ფორმირება. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი მხრიდან თანამშრომლობაზე უარი საზოგადოებაში გააჩენს ლეგიტიმურ ეჭვს, რომ ხელის დაფარება ხდება სავარაუდო დამნაშავესა და დანაშაულზე“, – წერს მეგრელიშვილი.
შეგახსენებთ, „TV პირველის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სასამართლოს განჩინების მიხედვით, პროკურატურას ტელეკომპანიაში საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების უფლება მიეცა.