ბერა ივანიშვილის ინგლისურის მასწავლებელი პატრიკ დაუნი ივანიშვილის ოჯახთან მუშაობის პერიოდს იხსენებს და ნანუკა ჟორჟოლიანის შოუში ჰყვება, რომ წვეულებაზე, სადაც დაპატიჟებული იყო, მოწამლეს.
ის ასევე იხსენებს, რომ მას მეორე დღეს ირაკლი ღარიბაშვილმა დაურეკა და უთხრა, რომ კონტრაქტს აღარ გაუგრძელებდნენ.
“2008 წლის ოქტომბერში, ურეკში, ბერამ და უტამ ზაფხულის დასრულებასთან დაკავშირებულ შეკრებაზე მიმიპატიჟეს, სადაც მომწამლეს. თუმცა მე არ ვიცოდი რომ მოწამლული ვიყავი, სანამ წვეულებიდან ერთი საათის შემდეგ, ბერა უსაფრთხოების სამსახურის უფროსთან, ანზორ ჩუბინიძესთან ერთად არ მოვიდა და თავად არ მითხრა. შემდეგ შევიტყვე, მანამდე მსგავსი რამ სხვა მასწავლებლებსაც გაუკეთეს. არ ვიცი, ეს ბიჭების იდეა იყო თუ ბიძინასი. იმ საღამოს ძალიან ცუდად ვიყავი. შემდეგ დილით, დამირეკა ირაკლი ღარიბაშვილმა და მითხრა, რომ ჩემს კონტრაქტს აღარ განაახლებდნენ. არადა, ამ ამბამდე 5-6 დღით ადრე ბიძინამ მითხრა, რომ მომდევნო ერთი წელი კიდევ ვიმუშავებდი. ზუსტად რომ აღვიდგინოთ ის დღე, ზღვაზე, ურეკში, მივირთმევდით ვახშამს. მე სამზარეულოში ვიყავი კოლეგებთან, ოჯახი კი გვერდით ოთახში, სასადილოში იყო. მგონი, უტამ თუ ბერამ დამიძახა, ზუსტად არ მახსოვს, ზაფხულის დასრულებას აღნიშნავდნენ. ბიჭები 13-15 წლისები იყვნენ, ამიტომ იქ არ იყო ღვინო, იყო მხოლოდ წყალი.. დამისხეს სითხე და ვფიქრობდი, რომ ბორჯომი ან წყალი იყო. შევსვით სადღეგრძელო, ვისაუბრეთ. მე წავედი ჩემს ოთახში. შემდეგ უკვე ანზორი და ბერა შემოვიდნენ ჩემს ოთახში 2-3 საათის შემდეგ. ბერამ ბოდიში მომიხადა. ექიმმა მათოშვილმა მითხრა, რომ მე გადავრჩი” – ჰყვება პატრიკ დაუნი.
ის ასევე იხსნებს, რომ ირაკლი ღარიბაშვილი მის დაშინებას ამერიკაშიც ცდილობდა და შანტაჟში ადანაშაულებდა.
“ამერიკაში დაბრუნების შემდეგ მივწერე ბიძინას, მეორე შანსი მივეცი. ორი შანსი მივეცი: ერთი შანსი ურეკში, მეორე კი ამერიკაში. მაშინ კი ირაკლიმ ჩემი დაშინება დაიწყო მსგავსი მეილებით აქეთ დამიწყეს შანტაჟში დადანაშაულება. მეუბნებოდა რატომ ვბედავდი ხმის ამოღებას. ამბობდნენ, რომ ვარ არაკეთილსინდისიერი, რადგან დავწერე შოკისმომგვრელი, ინტრიგნული, პროვოკაციული, მცდარი წერილი. მადანაშაულებს, რომ ვარ გაუმაძღარი, ფულის მიმტაცებელი თაღლითი და ა.შ. სკანდალურია, რასაც წერს, არ ვიცი ამ კაცს თავი ვინ გონია. რა აზრი ჰქონდა მათთან კონტაქტს, როცა მომწამლეს და აქეთ მადანაშაულებდნენ. მე კარგი მასწავლებელი ვიყავი, ვზრუნავდი ამ ბავშვებზე. შემდეგ კი კანონით მაშინებდნენ, რაც სასაცილოა, რადგან ამ ადამიანებს მიაჩნიათ, რომ თვითონ კანონზე მაღლა დგანან. იგივე ხდება აქ, რუსეთშიც” – იხსენებს პატრიკ დაუნი.
ცნობისთვის, 6 მარტს, “TV პირველმა” აუდიოჩანაწერები გაავრცელა, რომლის მიხედვითაც, ბიძინა ივანიშვილის შვილი, ბერა ივანიშვილი და მოქმედი პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი იმ ადამიანების დასჯას გეგმავენ, რომლებიც სოციალურ ქსელში ბერას მიმართ კრიტიკულ კომენტარებს წერენ ან აგინებენ. ჩანაწერებში ფიგურირებს სდსს-ს ხელმძღვანელი ანზორ ჩუბინიძეც.
დღეს კი „ტვ პირველის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სასამართლოს განჩინების მიხედვით, პროკურატურას ტელეკომპანიაში საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების უფლება მიეცა.