ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“მე რომ ეს ბოღმა გულში ჩავიდო…” – რას ამბობს გიორგი ვაშაძე ბერა ივანიშვილზე

“სტრატეგია აღმაშენებელის” ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ “პალიტრანიუსის” ეთერში საუბრისას გავრცელებულ აუდიოჩანაწერებთან დაკავშირებით ბერა ივანიშვილის ინტერვიუ შეააფასა.

ვაშაძემ  „დღის ნიუსრუმში“ აღნიშნულ  საკითხზე საუბრისას, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები დანაშაულის წახალისების მცდელობაში დაადანაშაულა.

„მან დაადასტურა შინაარსი, რომ ეს რეალურად მოხდა. რა მნიშვნელობა აქვს როდის მოხდა? ჩემთვის ყველაზე შემაძრწუნებელი იყო ის მოწოდება, რაც ქრისტიანობამდე ერაში იყო – „თვალი თვალის წილ, კბილი კბილის წილ“. ფაქტობრივად ეს მოწოდება იყო, ასე უნდა მოვიქცეთო. აბა, 90-იან წლებში ხალხი ერთმანეთს რომ ხოცავდა, სხვა კი არაფერი ხდებოდა? ფიზიკურად უსწორდებოდნენ იმიტომ, რომ ამბობდნენ, სამართალი მე თვითონ უნდა დავადგინო ამ საკითხთან დაკავშირებითო.

მე საქართველოს მოქალაქეებს, ყველა ადამიანს, ყველა ოჯახს, ყველა მშობელს, ყველა დედას, ყველა შვილს ვეკითხები – ჩვენ ასეთი საქართველო გვინდა ავაშენოთ? ასეთი პარლამენტარები გვინდა? ვინმეს ჰგონია, რომ ასეთი ადამიანები რამეს შექმნიან? თუ თქვენ ფიქრობთ, რომ მათთვის მართლა ოჯახია ძვირფასი? ოჯახი როცა ძვირფასია, შენ შენს ოჯახს და დედაზე საუბარს არასდროს გამოიყენებ შენი მიზნებისთვის, ცხოვრებაში არ გამიკეთებია ეგეთი რაღაც.

ჩემთვის ფასეული კი არა, ზეფასეულია ჩემი ოჯახი, დედაჩემიც და ყველაფერი, მაგრამ რამდენ ადამიანს ჩემზე რამე დაუწერია ნეგატიურად „ფეისბუქში“, მე რომ ეს ბოღმა გულში ჩავიდო, ბოღმა დაგახრჩობს ადამიანს. ჩემს გარშემო ყველას ვეუბნები, რომ ბოღმა გულში არასდროს ჩაიდოს. იცით რატომ? იმიტომ, რომ ადამიანს პირველ რიგში, ანადგურებს ის ბოღმა, რომელიც მას გულში აქვს ჩადებული იმიტომ, რომ მას აღარ შეუძლია საქმე აკეთოს და აღარ შეუძლია სიკეთეზე იფიქროს.

როცა გვეუბნებიან ქრისტიანულ სარწმუნოებაზე და ქადაგებად რომ არიან ხოლმე ქცეული, ჩვენი სარწმუნოების ფუნდამენტი რა არის? სიკეთე, სიყვარული, მიტევება და არა ის, რომ გამოვიდე და თვალი დავთხარო ყველას, დავაშინო და გავუგზავნო ვიღაცები დასაშინებლად. ღმერთმა ნუ ქნას ისეთ საქართველოში ვიცხოვროთ ჩვენ, სადაც ამას მასიური ხასიათი აქვს, რისკენაც დღეს მთელი დღეა მთელი „ქართული ოცნება“ მოგვიწოდებს“, – განაცხადა ვაშაძემ.

ცნობისათვის, 9 მარტს ტელეკომპანია „იმედის” ეთერში გავიდა ბერა ივანიშვილის ინტერვიუ, სადაც მან  “ნოდარ მელაძის შაბათის” მიერ გავრცელებულ აუდიოჩანაწერების შესახებ ისაუბრა.

შეგახსენებთ, საქართველოს გენერალური პროკურატურა, “ტვ პირველის” მიერ გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებზე გამოძიებას იწყებს.

ინფორმაციისთვის, ნოდარ მელაძის შაბათში” სიუჟეტი გავიდა, სადაც პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილისა და ბერა ივანიშვილის ფარულ აუდიოჩანაწერზე იყო საუბარი. გადაცემაში ნაჩვენები სიუჟეტის თანახმად, ბერა ივანიშვილი ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად არასასურველი კომენტარების გამო, რამდენიმე პირის, მათ შორის ბავშვის დასჯას უკვეთავს. ამავე საგამოძიებო სიუჟეტის მიხედვით, სახელმწიფო უსაფრთხოების უფროსის, ანზორ ჩუბინიძე ბერა ივანიშვილის სახელით მოქალაქეებს ატერორებდა.

 

იტვირთბა....