„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ ქალთა უფლებრივი მდგომარეობის შესახებ შეფასება გამოაქვეყნა. ამ შეფასების მიხედვით, 2021 წლის იანვრის მონაცემებით, სექსუალური ძალადობის შემთხვევები წინა წელთან შედარებით 5 პროცენტული ერთეულითაა გაზრდილი.
როგორც ორგანიზაციის ინფორმაციაშია აღნიშნული, სექსუალური ძალადობა კვლავ რჩება გენდერული ძალადობის ერთ-ერთ ყველაზე მძიმე, ყველაზე დაფარულ და დაუსჯელ ფორმად.
შეფსებაში ყურადღება გამახვილებულია, ასევე, იძლებითი აბორტის შესახებ, სადაც ნათქვამია, რომ იძლებითი აბორტი, ქალთა მიმართ ძალადობის ერთ-ერთი უმძიმესი ფორმაა.
„არსებული კანონმდებლობა და პრაქტიკა ვერ უზრუნველყოფს სექსუალური ძალადობისთვის ეფექტიან, დაზარალებულზე ორიენტირებულ, გენდერულად მგრძნობიარე სამართლებრივ მექანიზმებს. ძალადობაგამოვლილი ქალებისთვის მართლმსაჯულება ხელმიუწვდომელი ან/და რთულად ხელმისაწვდომია.
სექსუალური ძალადობის შემთხვევები 2021 წლის იანვრის მონაცემებით, წინა წელთან შედარებით 5 პროცენტული ერთეულითაა გაზრდილი. მიმდინარე წელს საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა სექსუალური დანაშაულის არაერთი მძიმე შემთხვევა, რომელთა მსხვერპლებიც არასრულწლოვნები არიან. არასრულწლოვანთა მიმართ ჩადენილი სექსუალური ძალადობის ფაქტები და მძიმე თანმდევი შედეგები ცხადყოფს, რომ პრობლემურია 16 წლამდე გოგონების მიმართ ჩადენილი სექსუალური ძალადობის გამოძიება და დანაშაულის სწორი კვალიფიკაცია.
იძულებითი აბორტი ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკით, კონვენციის მე-3 და მე-8 მუხლებით დაცული უფლებების სფეროში ექცევა. იძულებითი აბორტი, ქალთა მიმართ ჩადენილი ძალადობის ერთ-ერთ რთულ ფორმადაა მიჩნეული ე.წ. სტამბოლის კონვენციის 39-ე მუხლით.
სტამბოლის კონვენციის რატიფიცირებით აღებული ვალდებულების მიუხედავად, იძულებითი აბორტის საკითხი დღემდე არ არის კანონმდებლობით რეგულირებული და სისხლის სამართლით დასჯადი ქმედება. მნიშვნელოვანია, რომ ეროვნულ კანონმდებლობაში რაც შეიძლება სწრაფად აისახოს სტამბოლის კონვენციის მოთხოვნები, ცვლილებები შევიდეს სისხლის სამართლის კოდექსში და მოხდეს იძულებითი აბორტისა და აბორტის იძულების შემთხვევების კრიმინალიზება“, – ნათქვამია საია-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.