ანალიტიკოსი, არჩილ გამზარდია “ნოდარ მელაძის შაბათის” ეთერით გავრცელებულ აუდიოჩანაწერს ეხმიანება, სადაც პრემიერი, ირაკლი ღარიბაშვილი და ბერა ივანიშვილი იმ ადამიანების დასჯას გეგმავენ და განიხილავენ, ვინც ბერა ივანიშვილს აგინებს.
გამზარდია თავისივე პოსტში აუდიოჩანაწერის გამავრელებელთან დაკავშირებით სამ ვარიანტს ასახელებს.
“მეტრონომი” ანალიტიკოსის” მიმართვას უცვლელად გთავაზობთ.
“ციხის კადრების შემდეგ მაშინდელმა პრეზიდენტმა მომხდარს “სისტემური კრახის” კვალიფიკაცია მისცა. ის არ გადამდგარა, მაგრამ მოცემულობა აღიარა.
განსხვავება იმ მოცემულობას და დღევანდელს შორის, ცხადია, არის როგორც შედეგებით, ასევე მოცვით, მაგრამ… რადგანაც დღეს სხვა პოლიტიკურ ეპოქაში ვცხოვრობთ და სხვა მოთხოვნები გვაქვს, პასუხისმგებლობებიც შესაბამისი უნდა იყოს.
ახლა, პოლიტიკური ლეგიტიმაციისათვის, ყველაზე ადეკვატური იქნებოდა პრობლემების აღიარება ხელისუფლების მხრიდან დროულად, რადგან, ვშიშობ, რომ ეს ამით არ დასრულებულა, და შესაბამისად, ვადამდელი არჩევნების დანიშვნა.
რაც შეეხება შესაძლო გამავრცელებლებს, პირადად, მე, სამი ჰიპოთეტური ვარიანტი მაქვს: ან გახარია ან გოგაშვილი ან კობახიძე. სამივე დღევანდელი ხელისუფლების პროდუქტია, რომლებსაც ძალაუფლება შეუსუსტდა ან დაკარგა.
ეს იმას ნიშნავს, რომ რეალურად უფრო უარესი ისტორიები შეიძლება უახლოეს პერიოდში გავრცელდეს.
ამიტომ, სანამ ისეთ ჭაობში აღმოვჩნდებით, რომ არსებობისაც კი შეგვრცხვეს, ყველაზე გონივრულია, ჩაინიშნოს ვადამდელი არჩევნები და არჩევანის მიხედვით, მცირედად მაინც გაჩნდეს პოლიტიკური ლეგიტიმაციის პირობა, რაც დღეს პრაქტიკულად არ არსებობს.” – წერს არჩილ გამზარდია.
შეგახსენებთ, რომ გუშინ “ნოდარ მელაძის შაბათში” სიუჟეტი გავიდა, სადაც პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილისა და ბერა ივანიშვილის ფარულ აუდიოჩანაწერზე იყო საუბარი. გადაცემაში ნაჩვენები სიუჟეტის თანახმად, ბერა ივანიშვილი ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად არასასურველი კომენტარების გამო, რამდენიმე პირის, მათ შორის ბავშვის დასჯას უკვეთავს.
ციხის კადრების შემდეგ მაშინდელმა პრეზიდენტმა მომხდარს “სისტემური კრახის” კვალიფიკაცია მისცა. ის არ გადამდგარა, მაგრამ…
Posted by Archil Gamzardia on შაბათი, 06 მარტი, 2021