“ცნობილი გამოთქმაა, რომ რასაც დათესავ, იმას მოიმკი და ზოგჯერ, რასაც დათესავ, იმაზე უარესს მოიმკი და ეს სწორედ ის შემთხვევაა,” – ასე ეხმიანება “ევროპული საქართველოს” ლიდერი, გიგა ბოკერია “ნოდარ მელაძის შაბათის” დღევანდელ ანონს, სადაც პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილისა და ბერა ივანიშვილის ფარულ სატელეფონო ჩანაწერზეა საუბარი.
ბოკერიამ მედიასთან აღნიშნული საკითხის შეფასებისას განმარტა, რომ ზოგადად საზიანოა ნებისმიერ სახის ფარული ჩანაწერების გავრცელება, რომელთა კანონიერი წყარო ცნობილი არ არის. ამასთან, ბოკერიამ უტიფროფა უწოდა იმ პოლიტიკური ძალის მიერ გამოთქმულ აღშოთებას, რომელმაც, „მთლიანად პოლიტიკური კამპანია მსგავსი ჩანაწერების გამოქვეყნებაზე ააწყო“.
“ვიხილეთ ხელისუფლების რეაქცია ამ ჩანაწერებზე, სოზარ სუბარის განცხადება, სრულიად უტიფარი განცხადება, ის მოითხოვს და მოელის ამის დაგმობას სახალხო დამცველისგან და სხვებისგან. უფრო მეტიც, აცხადებს, რომ სასამართლოს აქვს უფლება ამის გამოქვეყნების აკრძალვის.
მინდა ვთქვა, რომ ჩვენი კანონი სიტყვის თავისუფლების შესახებ, კონსტიტუცია და საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებები ძალიან მკაფიოს ხდის, რომ ჟურნალისტური საქმიანობის შედეგად მოპოვებული მასალების გამო აკრძალვა მისი გამოყენების სრულიად დაუშვებელია და არის სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა და არანაირი საფუძველი არ არსებობს ამისთვის.
მაგრამ, ამაზე უფრო მთავარიც კი არის უტიფრობა იმ პოლიტიკური გუნდის, ივანიშვილისა და მისი გარემოცვის, რომელმაც მთელი თავისი პოლიტიკური კარიერა ააწყო და არც ერთი პოლიტიკური ციკლი არ გამოუტოვებია, რომ უკანონოდ მოპოვებული ფარული აუდიო ჩანაწერები ან ვითომ უკრაინის ვებ-გვერდებზე თუ სოციალურ მედიაში განთავსებული ჩანაწერები გამოეყენებინა პოლიტიკური კამპანიისთვის, სისხლის სამართლის გამოძიებებს იწყებდნენ ამისთვის, ბრალი აქვთ წაყენებული ხალხისთვის.
ამ ხალხმა ასეთ სიბინძურეზე ააწყო თავისი კამპანია და ახლა არიან აღშფოთრბულები ამით? ცნობილი გამოთქმაა, რომ რასაც დათესავ, იმას მოიმკი და ზოგჯერ, რასაც დათესავ, იმაზე უარესს მოიმკი და ეს სწორედ ის შემთხვევაა,“ – განაცხადა ბოკერიამ.
ცნობისთვის, “ნოდარ მელაძის შაბათის” დღევანდელ ანონსში პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილისა და ბერა ივანიშვილის სატელეფონო ჩანაწერზეა საუბარი.