ახალი ამბები მთავარი სამართალი

“შეურაცხყოფილი ვარ უსინდისო და შეურაცხმყოფელი ინფორმაციის გავრცელებით”

მოსამართლე საგამოძიებო ორგანოს მიმართავს

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილი ე.წ.კორტების სპეცოპერაციის საქმეზე გასამართლებულების ახლობლების ბრალდებას შეურაცხყოფად მიიჩნევს.

საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარესთან და მოსამართლეებთან ერთად მან განაცხადა, რომ აპირებს საგამოძიებო უწყებას მიმართოს იმ განცხადების შესასწავლად, რომლის მიხედვითაც გასამართლებულების ახლობლები მას ქრთამის აღებაში ადანაშაულებენ და თუკი გამოიკვეთება დანაშაული, დადგეს შესაბამისი პასუხისმგებლობის საკითხი.

“გადაწყვეტილი მაქვს, მივმართო საგამოძიებო ორგანოს, სათანადო რეაგირებისთვის. არავისთვის გასაკვირი არ იქნება, თუ ვიტყვი, რომ უზომოდ შეურაცხყოფილი ვარ ასეთი უსინდისო და შეურაცხმყოფელი ინფორმაციის გავრცელებით, რომელშიც მსჯავრდებულთა ოჯახის წევრებთან ერთად, სამწუხაროდ, მონაწილეობდა ადვოკატი მალხაზ ველიჯანაშვილი. მან ნაცვლად იმისა, რომ კარგად შეესწავლა საქმის მასალები და სამართლებრივი გზებით ეზრუნა კლიენტის ინტერესების დასაცავად, ასეთი ბინძური კამპანიის წარმართვა გადაწყვიტა, რაც სხვა არაფერია, თუ არა მოსამართლეზე ერთგვარი შურისძიება მის მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის გამო”, – განაცხადა ბადრი კოჭლამაზაშვილმა და დასძინა, რომ თუ საქმე მიზანმიმართულ ცილისწამებასთან არ გვაქვს და თუ ამ დეზინფორმაციის გამავრცელებელი პირები მოსამართლისა და სასამართლოს დისკრედიტაციას არ ისახავენ მიზნად, მაშინ მოსამართის ქონებრივი დეკლარაციის მეშვეობით ყველა კითხვაზე თავისუფლად შეეძლოთ პასუხის გაცემა.

“დეკლარაციაში მითითებულია ჩემს მიერ აღებული კრედიტის ოდენობა, რომელიც ავიღე 2011 წელს და მას მერე წლების განმავლობაში ვფარავ ყოველთვიურად. ასევე დეკლარაციაში მითითებულია ჩემი ყოველწლიური შემოსავალის ოდენობა, რომელიც ბევრად აღემატება ჩემს მიერ წინმსწრებად გადახდილი თანხის ოდენობას. არავითარი ორი სესხი მე არ მაქვს. მქონდა ერთი სესხი ორჯერ გამოყენებული იპოთეკით. რაც განპირობებული იყო კრედიტის თავდაპირველად დოლარში აღებით და მოგვიანებით ლარში გადატანით”, – ამბობს ბადრი კოჭლამაზაშვილი.

მოსამართლემ მისი ძმის პროკურატურაში მუშაობასაც შეეხო და თქვა, რომ მსჯავრდებულების ახლობლებს არასწორი ინფორმაცია აქვთ მის თანამდებობასთან დაკავშირებით. ასევე განაცხადა, რომ მისი ძმა პროკურატურის სისტემაში 15 წლის განმავლობაში მუშაობს და ამ ხნის განმავლობაში არც ერთი სამართლებრივი შენიშვნა ამ მიმართულებით მხარეებს არ ჰქონიათ.

 

იტვირთბა....