“მე მოცეკვავე არ ვარ, მაგრამ ვმღეროდი ქართულ ხალხურ სიმღერებს და ვიცი, რომ მრავალხმიანობა მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით საქართველოში”, – ამის შესახებ პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოს პარლამენტისთვის, ისევე როგორც ქართული სიმღერისთვის, მრავალხმიანობა მნიშვნელოვანია. აღნიშნულით ის საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, გიორგი ხელაშვილის განცხადებას გამოეხმაურა.
“ჩვენ ეს განვახორციელეთ იმით, როდესაც “ქართულმა ოცნებამ” ერთპროცენტიანი ბარიერი დააწესაა და დღეს 14 პარტიაა წარმოდგენილი საქართველოს პარლამენტში. და ის მრავალხმიანობა, რომელიც უნდა ახასიათებდეს დემოკრატიას, სწორედ “ქართული ოცნების” დამსახურებაა.
ქართული სიმღერის სპეციფიკა სწორედ იმას გულისხმობს, რომ ყველა უნდა იყოს ერთხმად და ერთბაშად. აქ რანგირება არ არსებობს, ყველას აქვს პასუხისმგებლობა. პირველი, მეორე, მესამე არ არსებობს. ჩვენ ვიღებთ პასუხისმგებლობას და ვახორციელებთ კიდეც. მაგალითად, დავაინიცირეთ ის პროექტი, რომელიც ეფუძნება სწორედ იმ მოლაპარაკებებს, რომელიც ფასილიტატორებთან ერთად დაიწყო, საარჩევნო კოდექსთან მიმართებაში. ამაში ოპოზიციის მონაწილეობა იყო ნული, არც პირველი ხმა უთქვამთ, არც ბანი, კრიმანჭულზე რომ არაფერი ვთქვათ. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ოპონენტები ცდილობენ ჩვენი პარლამენტი ერთპარტიულად წარმოაჩინონ, მგონი არითმეტიკაში ირევნიან და ვერ ხედავენ ან თვალში ეპატარავებათ “მოქალაქეები” და “ევროპელი სოციალისტები” – განაცხადა პაპუაშვილმა.
ცნობისთვის, დღეს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გიორგი ხელაშვილმა განაცხად, რომ ტანგოს ცეკვისთვის ორია საჭირო, შესაბამისად, პროგრესისთვის საჭიროა არა მარტო მთავრობის, არამედ ოპოზიციის კონსტრუქციულობა.