პოლიტოლოგი, გია ხუხაშვილი გამოცემა “ინტერპრესნიუსთან” სუაბრისას პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის ინიციატივით გამართულ შეხვედრას გამოეხმაურა.
როგორც პოლიტოლოგი გამოცემასთან საუბრისას აღნიშნავს, თუ ხელისუფლება დათმობაზე წავა ამას იმიტომ კი არ გააკეთებს, რომ ის მიდის დათმობაზე, ის უბრალოდ აიძულეს, რომ ეს გაეკეთებინა.
„ის ფანჯარა, რომელიც ღარიბაშვილმა ერთი კვირის წინ დახურა და გაატარა წითელი ხაზი, ისევ გააღო იძულებით. ეს მისასალმებელია, რადგან ქვეყანას ნამდვილად სჭირდება პოლიტიკური სტაბილურობა და ნორმალური განვითარების კალაპოტში დაბრუნება. თუმცა ეს მხოლოდ დასაწყისია, ნდობა, სამწუხაროდ, რთულია და ჩვენ უნდა დაველოდოთ კონკრეტულ განვითარებას.
რადგან დაიდო მოლაპარაკების მაგიდაზე გარკვეული საკითხები, კითხვები ჩნდება „ოცნების“ მისამართით, რატომ წავიდა გახარია? იმიტომ, რომ დღეს დაიწყო ის პროცესი, რაზეც მუდმივად საუბრობდა გახარია. შესაბამისად, პოლიტიკური ლოგიკა მეტყველებს იმაზე, რომ დღევანდელმა ელიტამ აღიარა, რომ მათ დაუშვეს შეცდომა და გახარია იყო მართალი. გადადგან შემდეგი ნაბიჯი, გახარია დაბრუნდეს მოლაპარაკების მაგიდასთან, აღიარონ შეცდომა და ღარიბაშვილი წავიდეს სახლში, რადგან გახარია აღმოჩნდა ერთადერთი გონიერი ადამიანი „ოცნებაში“.
ეს არის პოლიტიკურად სწორი. რაც გუშინ მოხდა ეს არის აღიარება გახარიას სიმართლისა და ე.წ. ქორების სიბრიყვის. ხელისუფლება თუ წავა დათმობაზე, ამას იმიტომ კი არ გააკეთებს, რომ ის მიდის დათმობაზე, ის უბრალოდ აიძულეს, რომ ეს გაეკეთებინა. ჯობია, ეს ასე ცივილიზებულად მოხდეს და არა დიდი სახელისუფლებო რყევებით.
ჩვენ ნუ შევხედავთ ისე, რომ ევროკავშირი მხოლოდ ჩვენზე ფიქრობს და ზრუნავს, მას აქვს თავისი ინტერესები. ის ჩვენ მოგვიაზრებს როგორც სამომავლოდ თავის აქტივს და ამ გადმოსახედიდან მათთვის მთავარია, რომ საქართველოში იყოს სტაბილურობა. მათ იციან რომ სტაბილურობის მიღწევა შესაძლებელია მხოლოდ ცივილიზებულად. მან დაინახა, რომ ჩვენთან არ არსებობს არანირი დიალოგი და დიალოგის გარეშე კრიზისის გადალახვა შეუძლებელია. ამიტომ ის გვაიძულებს ჩარჩოებში მოვექცეთ, გინდა ჩემს ოჯახში?! მაშინ მე მაქვს თამაშის წესები.
ჩვენ ხელისუფლებას უნდა, რომ მენტალურად თავი ჰქონდეს რუსეთში და ერთი ადგილი გასათბობად ჰქონდეს ევროპაში. მიშელიც ამას ამბობს, რომ ჩამოყალიბდით რა არის თქვენი არჩევანი“ , – განაცხადა ხუხაშვილმა.
ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ადმინისტრაციაში ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა გუშინ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის ინიციატივით, გაიმართა. როგორც შარლ მიშელმა აღნიშნა, საქართველოში სასწრაფოდ უნდა გადაიჭრას პოლიტიკური კრიზისი და შეხვედრაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა.