ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ამ პროცესების შემდეგ შეიძლება, ამერიკულმა და ევროპულმა ბიზნესმა საქართველოს ზურგი შეაქციოს”- ბენ ჰოჯესი

“საქართველოს მეგობრებმა, განსაკუთრებით, შეერთებულმა შტატებმა და სხვა ქვეყნებმა, აქტიური როლი უნდა ითამაშონ იმაში, რომ ორივე მხარე ერთმანეთს დაელაპარაკოს,”- ამის შესახებ თადარიგის გენერლმა და ევროპაში ამერიკის არმიის ყოფილმა მთავარსარდალმა, ბენ ჰოჯესმა  „ამერიკის ხმის“ ქართულ რედაქციასთან საუბრისას განაცხადა.

ბენ ჰოჯესის თქმით, კარგი იქნება, თუ მიმდინარე მოვლენებში ფასილიტატორებად ამერიკის გარდა სხვა ქვეყნის წარმომომადგენლებიც ჩაერთვებიან.

„შეერთებული შტატები ყველასთვის საუკეთესო შედეგს აღწევს მაშინ, როცა სხვა ქვეყნებთან ერთად მუშაობს. ვისურვებდი, რომ ბრიტანეთი, გერმანია, საფრანგეთი, თურქეთი და სხვა ისეთი ქვეყნებიც ჩაერიონ ამ ყველაფერში, რომლებიც რეგიონზე, სამხრეთ კავკასიაზე ზრუნავენ, ან უნდა იზრუნონ. კარგი იქნება, ამერიკასთან ერთად, სხვებიც ჩაერთონ ისეთი გამოსავლის მონახვაში, რომელიც ლიბერალურ დემოკრატიას სცემს პატივს.

ლიბერალურ დემოკრატიაში ძლიერი ოპოზიციური პარტიები უნდა არსებობდეს. ხალხის ინტერესი მაშინაა საუკეთესოდ დაცული, როცა მათ ერთგული და ძლიერი ოპოზიციური პარტიები ჰყავთ. ეს ყველაფერი მმართველ პარტიას უბიძგებს, უკეთესად იმუშაოს სწორედ იმის გამო, რომ მას კონკურენტი ჰყავს,”- აცხადებს , ბენ ჰოჯესი.

ამასთან,  ბენ ჰოჯესის თქმით, მიმდინარე პროცესების გამო მერიკული ბიზნესისთვის საქართველო ნაკლებად მიმზიდველი ხდება.

“არა მგონია, ამერიკის სტრატეგიულ ინტერესებში შედიოდეს ის, რომ საქართველოს ზურგი შეაქციოს. თუმცა, ვიტყვი , რომ ამ ყველაფრის გამო ამერიკული ბიზნესისთვის საქართველო ნაკლებად მიმზიდველი ხდება. თუ ისინი არ ენდობიან სასამართლო პროცესს, გამჭვირვალობას, თუ ვერ ხედავენ იმას, რომ მთავრობა სამართლიანია, ამას შეიძლება შედეგად ის მოჰყვეს, რომ ამერიკულმა და ევროპულმა ბიზნესმა საქართველოს ზურგი შეაქციოს.

ასევე ვიტყოდი, რომ ის, რაც ამ ბოლო დღეებში მოხდა, საქართველოს ნატოში გაწევრიანების საქმეს არ ეხმარება. ისედაც ბევრი ქვეყანაა ისეთი, რომელიც საქართველოს ნატოში გაწევრიანებას ეწინააღმდეგება. ამ ყველაფრით, საქმე ურთულდება შეერთებულ შტატებს და სხვა ქვეყნებს, რომლებიც ჩვენს ალიანსში საქართველოს გაწევრიანებას უჭერენ მხარს,”- განაცხადა ბენ ჰოჯესმა.

ამასთან, როგორც ყოფილმა მთავარსარდალმა აღნიშნა, მას ეჭვი არ ეპარება, რომ , რაც ქვეყანაში ხდება, საქართველოს ნატოში გაწევრიანების საქმეს არ ეხმარება და ამით სარგებელს მხოლოდ კრემლი იღებს.

იტვირთბა....