ჯანდაცვის მინისტრო “კოვაქს პლატფორმის” განცხადებას ეხმიანება, რომლის მიხედვითაც, თებერვალში ვაქცინა იმ ქვეყნებში გაიგზავნა, რომლებმაც მათ მიერ გათვალისწინებული კრიტერიუმები დააკმაყოფილეს.
როგორც გამართულ ბრიფინგზე, მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა, ვაქცინის შემოტანის გადავადება ქვეყნის მზაობას არ უკავშირდება, მიზეზი – ფაიზერის მიერ დამატებითი მოთხოვნის დაყენებაა.
თამარ გაბუნიას განცხადებით, სამინისტრომ კოვაქს პლატფორმას მიმართა და მათგან დღეს გაკეთებულ განცხადებაზე განმარტებას ითხოვენ.
“დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ თითქოს საქართველომ არ და ვერ დააკმაყოფილა მზაობის მოთხოვნები. ჩვენ ნახევარი საათის წინ მივმართეთ კოვაქსს და ვითხოვეთ განმარტება იმ განცხადების, რომელიც გაჟღერდა, რადგან იმ წერილებში, რომელიც ჩვენ გვაქვს მიღებული კოვაქსისგან, მიზეზი გადავადების არის ცალსახად მითითებული – ფაიზერის მიერ დამატებითი მოთხოვნის დაყენება, რაც სრულიად არ უკავშირდება ქვეყნის მზაობას”, – განაცხადა გაბუნიამ.
მისივე თქმით, კოვაქსი გვპირდება, რომ “მომდევნო კვირაში დაინიშნება სატელეფონო კონსულტაცია”, სადაც ეს პირობები დაზუსტდება:
“ასტრაზენეკას შემთხვევაში ქვეყანამ გაიარა პასუხისმგებლობების დაზღვევის ხელშეკრულების ეტაპი. ეს არის კიდევ ერთი ეტაპი, რომელსაც ხელი მოვაწერეთ და ამით ერთი ეტაპი დასრულდა. ზუსტად იგივე ეტაპი გასავლელია ფაიზერთან მიმართებაში. როცა ველოდებით ფაიზერის შემოტანას, კოვაქსმა შეგვატყობინა, რომ არის გარკვეული დამატებითი მოთხოვნები ფაიზერის მიერ, რომელიც არ უკავშირდება ქვეყნის ტექნიკურ მზაობას ვაქცინის მიღებისთვის და დაკავშირებულია პასუხისმგებლობის ფინანსურ გადაზღვევასთან, რომლის დეტალებს 23 თებერვლის წერილში კოვაქსი ვერ გვატყობინებს, თუმცა გვპირდება, რომ მომდევნო კვირაში დაინიშნება სატელეფონო კონსულტაცია, სადაც დაზუსტდება ეს პირობები. საბოლოოდ შევთანხმდებით პირობებზე, მერე გადავალთ ფინანსურ ნაწილზე”, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.
ცნობისთვის, დღეს “კოვაქს პლატფორის” განცხადება გავრცელდა, რატომ ვერ მიიღო საქართველომ „ფაიზერის“ ვაქცინა თებერვალში. როგორც “კოვაქსიდან” “ინტერპრესნიუსს” სააგენტოს განუცხადეს, თებერვალში ვაქცინა იმ ქვეყნებში გაიგზავნა, რომლებმაც მათ მიერ გათვალისწინებული კრიტერიუმები დააკმაყოფილეს.
რაც შეეხება კრიტერიუმებს, რომლებსაც ქვეყანა უნდა აკმაყოფილებდეს, მათი განმარტებით, “ყველა მონაწილე ქვეყნის ეროვნულმა რეგულატორმა ავტორიზება უნდა მისცეს შემოსატან ვაქცინას. ასევე, ყველა მონაწილემ ვაქცინის მწარმოებლებთან უნდა გააფორმოს ზარალის ანაზღაურების კონტრაქტი, რათა „კოვაქსის პლატფორმიდან“ დოზების მიღება შეძლოს“.